Google თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის უფლებას 2021 წლის ივნისამდე აძლევს
Google-მა განაცხადა, რომ თავის თანამშრომლებს მომავალი წლის ივნისის ბოლომდე მისცემს უფლებას, სახლიდან მუშაობა გააგრძელონ. ამის შესახებ კომპანიაში მომუშავეებს მეილი გუშინ, 27 ივლისს გაეგზავნათ.
"იმისათვის, რომ ჩვენთან დასაქმებულებმა მომავლის დაგეგმვა შეძლონ, ჩვენ 2021 წლის 30 ივნისამდე მივცემთ დისტანციურად მუშაობის არჩევანს მათ, ვისაც საკუთარი საქმის შესასრულებლად ოფისში ყოფნა არ სჭირდებათ", — განაცხადა კომპანიის დირექტორმა, სუნდარ პიჩაიმ.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა Google-მა ასეთი დიდი დროით გაახანგრძლივა დისტანციურად მუშაობის ნებადამრთველი პოლიტიკა. სხვა ტექკომპანიების მსგავსად, აქამდე ისიც მეტ ოპტიმიზმს ინარჩუნებდა და იმედოვნებდა, რომ ცხოვრების ჩვეული წესი ერთ-ორ თვეში დაბრუნდებოდა. თუმცა ბოლო დროს სულ უფრო ცხადი ხდება, რომ COVID-19-ით გამოწვეულ პანდემიას უახლოეს მომავალში დასრულება არ უწერია.
პიჩაიმ მაისში შეიმუშავა გეგმა, რომელიც თანამშრომელთა მცირე ჯგუფს ივლისში სხვადასხვა ოფისში დაბრუნების საშუალებას ისე მისცემდა, რომ სოციალური დისტანცია შენარჩუნებულიყო და თითოეული შენობა მომუშავეთა მხოლოდ 10%-ს დაეკავებინა. მაისშივე ტვიტერმა თავის თანამშრომლებს შეატყობინა, რომ სახლიდან მუშაობას განუსაზღვრელი ვადით შეძლებდნენ.
აშშ-ში პანდემიის მსვლელობის გათვალისწინებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სხვა დიდი ტექკორპორაციებიც მალე დაიწყებენ დისტანციურ მუშაობაზე თავიანთი პოზიციების გადახედვას.
კომენტარები