ჰაბლმა სატურნს ახალი, საოცრად დეტალური ფოტო გადაუღო
ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა ბოლო 30 წელი დედამიწის ზედაპირიდან 547 კილომეტრის სიმაღლეზე დაჰყო. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში მას რამდენიმე პრობლემა შეექმნა, იგი საოცარი ფოტოების გადაღებას არ წყვეტს.
მაგალითად, თვის დასაწყისში, ჰაბლმა სატურნის დეტალური ფოტო 1,35 მილიარდი კილომეტრის დაშორებით გადაიღო. ახლა კი სატურნის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულია, რაც ნიშნავს, რომ მისი ზემოთა ნაწილი ჩვენკენაა გადმოხრილი.
მაგრამ ეს ზაფხული ისეთი არაა, როგორიც ჩვენ წარმოგვიდგენია. გაზის გიგანტი ტემპერატურას უმეტესწილად არა მზისგან, არამედ შიგნიდან იღებს. პლანეტაზე საშუალო ტემპერატურა კი -178 ცელსიუსია.
სატურნის ეს ახალი ფოტო მეცნიერებსაც დაეხმარება, პლანეტის შესახება ახალი დეტალები გაიგონ. მაგალითად, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში წითელი ნისლი მოჩანს. NASA ფიქრობს, რომ ეს, შესაძლოა, მზის ნათებას გამოეწვია, რომელიც ატმოსფეროს ცირკულაციებს ცვლის.
ფოტოში ასევე სატურნის 82 თანამგზავრიდან ორი ჩანს: მიმასი, პაწაწინა წერტილი ფოტოს მარჯვენა მხარეს, და ენცელადი, ფოტოს ქვემოთა ნაწილზე არსებული ოდნავ დიდი წერტილი.
1990 წლიდან მოყოლებული, რაც იგი ორბიტაზე გაეშვა, ჰაბლი 1,3 ობიექტს დააკვირდა. ამ ფოტოების უმეტესობა შორეული გალაქტიკები, ნისლეულები და ვარსკვლავები კია, მაგრამ პერიოდულად ის ახლომდებარე პლანეტებსაც იღებს.
თუმცა მხოლოდ ფოტოები კვლევისთვის საკმარისი არაა — ზოგიერთ კითხვაზე პასუხის გასაცემად ხომალდია საჭირო; მაგალითად, იმისთვის, რომ გავიგოთ, როგორ ფორმირდა სატურნის რგოლები.
"NASA-ს ხომალდ Cassini-ის მონაცემები იმ პაწაწინა ნამცეცების შესახებ, რომლებიც სატურნის ატმოსფეროში წვიმს, იმაზე მიგვანიშნებს, რომ რგოლები მხოლოდ 300 მილიონი წელი ძლებენ. ეს კი იმის დასამტკიცებლად გამოდგება, რომ რგოლების სისტემა საკმაოდ ახალგაზრდაა", — განაცხადა კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერმა მაიკლ ვონგმა.
კომენტარები