მარსის როვერი Perseverance რაკეტას დაუკავშირეს — მისი გაშვება 30 ივლისს იგეგმება
NASA-ს ახალი მარსის როვერი, Perseverance ფლორიდაში მდებარე კანავერალის კონცხის საჰაერო ძალების სადგურზე Atlas V რაკეტაზე დაუკავშირეს. ეს რაკეტა მას წითელ პლანეტამდე მიიყვანს. რობოტი მარსზე უძველესი სიცოცხლის ნიშნების ძებნას შეუდგება.
Perseverance-ის გაშვება 30 ივლისს იგეგმება, იგი პლანეტის ეკვატორთან ახლოს მდებარე კრატერში 2021 წლის თებერვალში დაეშვება.
მისიის მიზანს მხოლოდ უძელესი სიცოცხლის ნიშნების ძებნა არ წარმოადგენს, რობოტს თან დრონის მსგავსი შვეულმფრენი მიჰყვება, რომელიც მარსის ატმოსფეროში იფრენს.
ინჟინრებმა ისეთი ფიზიკური და ელექტრული კავშირები შექმნეს, რომელიც ამაჩქარებელსა და ხომალდს შორის გაშვებიდან დაახლოებით 60 წუთის განმავლობაში შენარჩუნდება — იქამდე, სანამ ეს ორი ერთმანეთს გამოეყოფა და Perseveranse საკუთარ გზას გაუდგება.
კალიფორნიაში მდებარე NASA-ს JPL ლაბორატორიის მკვლევარმა და მისიის მენეჯერმა ჯონ მაკნეიმმა განაცხადა, რომ ეს მოვლენა განსაკუთრებულია, რადგან მასზე უამრავი ადამიანი მუშაობდა.
"თითოეულ მათგანს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ აქამდე ერთად მოვედით და მარსის შემთხვევაშიც ასე იქნება", — განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ გაშვების თარიღი რამდენჯერმე გადაიდო: თავდაპირველად როვერი 20 ივლისს უნდა გაფრენილიყო, შემდეგ 22 ივლისს და ამჯერად მისი გაშვება 30 ივლისს იგეგმება. თუმცა ეს პროცესი, შესაძლოა, 15 აგვისტომდე გაიწელოს.
კომენტარები