ამიერიდან გუგლი თქვენი ძიების და გადაადგილების ისტორიას ავტომატურად წაგაშლევინებთ
კომპანია გუგლმა ოთხშაბათს გაკეთებულ განცხადებაში მომხმარებლების კონფიდენციალობის პოლიტიკაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა.
კომპანიის ბლოგზე გამოქვეყნებული ჩანაწერიდან ვიგებთ, რომ ცვლილებები გუგლის აპლიკაციების და სერვისების მომხმარებლებს ე.წ. ინკოგნიტო რეჟიმში გადასვლას და მონაცემების შეგროვების შეჩერებას გაუმარტივებს.
გუგლის განცხადებით, მომხმარებლებს 18 თვის შემდეგ საკუთარი მონაცემების ავტომატური წაშლის შესაძლებლობაც ექნებათ.
"ადგილმდებარეობის ისტორიის პირველად ჩართვის შემდეგ, რომელიც ნაგულისხმევად გათიშულია, გააქტიურდება 18 თვეში მონაცემების ავტომატური წაშლის რეჟიმი. იგივე მოხდება ახალ ანგარიშებზე აპლიკაციების და ვებ-ძიების ისტორიის შემთხვევაშიც. ასეთი სახით ჩანაწერები თქვენი აქტივობების შესახებ მომავალშიც რეგულარულად წაიშლება და აღარ შეინახება იქამდე, სანამ თქვენ მათ ხელით წაშლას არ გადაწყვეტთ. აქვე დავამატებ, ისტორიის ავტომატური წაშლის რეჟიმის გამორთვას მომხმარებელი ნებისმიერ დროს შეძლებს", — აღნიშნავს გუგლის აღმასრულებელი დირექტორი, სუნდარ პიჩაი.
კომპანიამ კონფიდენციალობის პოლიტიკაში ცვლილებები მას შემდეგ შეიტანა, რაც რამდენიმე თვის წინ ევროპელმა რეგულატორებმა გუგლის მიერ კონტინენტზე გადაადგილების შესახებ მონაცემების დამუშავების საკითხზე გამოძიება დაიწყეს.
ჯორჯ ფლოიდის მკვლელობით გამოწვეული საპროტესტო ტალღის შედეგად, კომპანიის მიმართ მომხმარებლების პირადი მონაცემების კონფიდენციალობასთან დაკავშირებით შეკითხვები კვლავ აქტუალური გახდა, რადგან, როგორც ვიცით, გუგლი სამართალდამცავ ორგანოებს საკუთარ ტექნოლოგიებზე წვდომას არ უზღუდავს.
გუგლის ათასობით თანამშრომელმა კომპანიისგან აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე პოლიციისთვის საკუთარი ტექნოლოგიების მიყიდვის შეწყვეტა მოითხოვა. ამაზონმა, მაიკროსოფტმა და IBM-მა უკვე შეაჩერეს სამართალდამცავებისთვის სახის ამომცნობი ტექნოლოგიის მიწოდება.
მონაცემთა შენახვის ახალი პირობები არ ვრცელდება Gmail-ზე, Google Drive-სა და ფოტოსერვისზე, იმ მიზეზით, რომ ამ შემთხვევაში ფოტომასალა და სხვა დოკუმენტების შენახვა უფრო მნიშვნელოვანია.
იუთუბზე კი ისტორიის ავტომატური წაშლის პერიოდი 36 თვეს შეადგენს. დარეგისტრირებულ მომხმარებლებს ავტომატური წაშლის პერიოდულობის არჩევა 3-დან 18 თვემდე დიაპაზონში შეუძლიათ.
კომენტარები