COVID-19-ის პანდემიას შვედეთი ყველაზე განსხვავებულად გამოეხმაურა. კორონავირუსთან გამკვლავების პოლიტიკას ეპიდემიოლოგი ანდერს ტეგნელი ხელმძღვანელობს, რომელიც მიიჩნევდა, რომ მყისიერი და მკაცრი პრევენციული ზომები არსებული პანდემიის მიმართ შესაფერისი პასუხი არ იყო.

ტეგნელის და მთავრობის გადაწყვეტილებით, შვედეთმა დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით უფრო მსუბუქი შეზღუდვები შემოიღო

ახლა ტეგნელი მიიჩნევს, რომ შვედეთის პოლიტიკის გამო "ზედმეტად ბევრი ადამიანი მოკვდა", მისი თქმით, COVID-19-თან ბრძოლის ეს სტრატეგია ნაკლოვანი აღმოჩნდა.

"მომავალში მსგავს ავადმყოფობასთან დღეისთვის დაგროვილი ცოდნით შეირაღებულებს რომ მოგვიწიოს გამკლავება, ვფიქრობ, ჩვენი საპასუხო რეაქცია შვედეთის მიდგომასა და დანარჩენი მსოფლიოს სტრატეგიის შუაში იქნება", განაცხადა ტეგნელმა.

ამ დროისთვის შვედეთში 100 000 ადამიანიდან კორონავირუსით 43 კვდება, მაშინ, როცა იმ მეზობელ ქვეყნებში სადაც მკაცრი პრევენციული ზომები მიიღეს, ცხოვრება ნელ-ნელა ჩვეულ რიტმს უბრუნდება. შვედეთში სიტუაცია ჯერ კიდევ მძიმეა.

ტეგნელი ამბობს, რომ კორონავირუსთან ბრძოლის პოლიტიკას გაუმჯობესების პოტენციალი აქვს. ეპიდემიოლოგის კომენტარებმა შვედეთს მთავრობაში ბევრი პოლიტიკოსი შეაშფოთა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ტეგნელი „დაზუსტებით არ ამბობს რა ზომების მიღება შეიძლებოდა“.

მიუხედავად იმისა, რომ შვედეთს მკაცრი პრევენციული პოლიტიკა არ გაუტარებია, ქვეყანა უპრეცდენტო ეკონომიკური კრიზისის წინაშეა. ფინანსთა მინისტრის, მაგდალენა ანდერსონის თქმით, ქვეყნის მშპ 2020 წლის ბოლოს 7%-ით შემცირდება, რაც დანარჩენი ევროპის მაჩვენებლისგან დიდად არ განსხვავდება.