Tesla-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი ხელმძღვანელი ილონ მასკი აშშ-ში კარანტინის წინააღმდეგ გამართულ აქციას შეუერთდა და ტვიტერზე განაცხადა: "გაათავისუფლეთ ამერიკა".

"დაუბრუნეთ ადამიანებს კუთვნილი თავისუფლება", — განაცხადა მასკმა. მან ასევე ტვიტერზე სტატია გამოაქვეყნა, სადაც საუბარია იმაზე, თუ რამდენად დიდი ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ქალაქების ჩაკეტვა და ეკონომიკური საქმიანობის შეჩერება.

მასკმა ტეხასის გუბერნატორის გადაწყვეტილებას დაუჭირა მხარი, რომლის მიხედვითაც შტატში მაღაზიები, რესტორნები და კინოთეატრები უახლოეს კვირებში გაიხსნება.

აღსანიშნავია, რომ მასკი ყველანაირი სახის მაღაზიისა და ბიზნესის დაუყონებლივ გახსნას მხარს არ უჭერს. ტვიტერზე მან თქვა, რომ ეკონომიკური საქმიანობა უნდა აღდგეს, თუმცა სიფრთხილითა და გარკვეული წესების დაცვით, ადამიანები კი შინაპატიმრობაში არ უნდა იყვნენ.