Apple წელს მრავალ ახალ (და უჩვეულო) მოწყობილობას შემოგვთავაზებს
იყო დრო, როცა Apple-ის პრეზენტაციები მოულოდნელობებით გამოირჩეოდა და ახალი პროდუქტის ოფიციალურ წარდგენამდე მის შესახებ არაფერი ვიცოდით. ეს ყველაფერი უკვე წარსულშია, რადგან ახალი მოწყობილობების ანონსამდე დიდი ხნით ადრე სოციალურ ქსელში მათ შესახებ დეტალური ინფორმაცია რეგულარულად ვრცელდება.
ჯონ პროსერმა სახელი ჯერ კიდევ მეორე თაობის iPhone SE-ს დროს გაითქვა, როცა სმარტფონის ოფიციალურ ანონსამდე მის შესახებ ფაქტობრივად ყველაფერი მოგივყვა (მართალია, საკუთარ პოსტებში პროსერი ახალ სმარტფონს iPhone 9-ს უწოდებდა, თუმცა სხვა დანარჩენი ზუსტი იყო). გასულ კვირას კი მან უკვე iPhone 12-ის დეტალებზე ისაუბრა.
სმარტფონის თავზე ტრადიციული ჭრილი ახალ სმარტფონში iPhone X-თან და iPhone 11-თან შედარებით უფრო წვრილი იქნება, რადგან Apple მიკროფონისა და სპიკერის სმარტფონის ზედა კიდეზე გადატანას გეგმავს.
პროსერის თქმით ახალი iPhone 12 უფრო ბრტყელ დიზაინს მიიღებს, რომელიც iPad-ის და კლასიკური iPhone 4-ის ერთიან სტილს შექმნის. პროსერის თქმით, ყველა სიკეთესთან ერთად, სამწუხაროდ, ახალ აიფონს USB-C-ს მხარდაჭერა არ ექნება. აღნიშნული ცნობები iPhone 12-ის შესახებ უკვე თვეებია, რაც ვრცელდება.
მიუხედავად იმისა, რომ iPhone 12-ის შესახებ უკვე საკმაოდ ბევრი რამ ვიცით, მის გამოჩენას შემოდგომამდე არ უნდა ველოდოთ. კომპანიამ უკვე წარმოადგინა iPad Pro, MacBook Air და iPhone SE, შემდეგ თვეში, პროსერის თქმით, ჩვენ ახალ, სავარაუდოდ, 14,1-ინჩიან MacBook Pro-სა და AirPods-ს ვიხილავთ.
Twitter-ის ერთ-ერთი ანგარიში, რომელმაც Apple-ის პროდუქციის გამოშვების თანმიმდევრობა წელს ზუსტად დაასახელა, საინტერესო და უჩვეულო პროდუქტების სამომავლო ანონსის შესახებ დეტალებს გვიზიარებს.
მათ შორის საინტერესოა სათამაშო კონტროლერი Apple Arcade-სთვის, თითის ანაბეჭდი iPad Air-ის ეკრანზე, 21-დიუმიანი MacBook-ი ARM პროცესორის ბაზაზე და ახალი ყურსასმენები — AirPods X. გარდა ამისა ჭორებიდან ირკვევა, რომ A14 ჩიპის წარმოება, რომლის გამოყენებასაც Apple ახალ iPhone 12-ში გეგმავდა, გადაიდო.
კომენტარები