დღეს სამსუნგის Galaxy სერიის სმარტფონების მფლობელებს უცნაური რამ შეემთხვათ. თითოეულმა მათგანმა სამსუნგის Find My Mobile აპლიკაციიდან შემდეგი შინაარსის შეტყობინება მიიღო: 1.

შეტყობინება, რომელშიც უბრალოდ ერთიანი წერია, სამსუნგის მფლობელებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიიღეს, მათ შორის საქართველოშიც. შეტყობინებაზე დაჭერის შემთხვევაში არაფერი ხდება.

Samsung პირველი კომპანია არაა, რომელიც მომხმარებლებს უცნაურ შეტყობინებებს უგზავნის. გასულ წელს Oneplus-მა მომხმარებლებს გაურკვეველი ტექსტი და ჩინური იეროგლიფები გაუგზავნა, როგორც შემდეგ გაირკვა, ეს ყველაფერი სისტემური განახლების ტესტირებამ გამოიწვია.

მომხდარის შესახებ სამსუნგს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

განახლება: სამსუნგის ბრიტანეთის წარმომადგენლობამ ტვიტერზე ოფიციალური განცხადება გააკეთა და განმარტა, რომ ეს გაუგებრობა შიდა ტესტირებამ გამოიწვია, მაგრამ სმარტფონებისთვის მას პრობლემა არ შეუქმნია.