Apple უფრო მეტ საათს ყიდის, ვიდრე შვეიცარიული საათების მთელი ინდუსტრია
Apple Watch გარდა იმისა, რომ გასული წლის ყველაზე გაყიდვადი ჭკვიანი საათი იყო, სტანდარტული საათების ბაზარსაც გადაწვდა და შეიძლება ვთქვათ, რომ მთელი შვეიცარიის საათების ინდუსტრია შეარცხვინა. Strategy Analytics-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით ვიგებთ, რომ ეფლმა 2019 წელს დაახლოებით 31 მილიონი საათი გაყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 36%-ით მეტია.
რაც შეეხება შვეიცარიის საათების ინდუსტრიას, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის კარგადაა ცნობილი და ისეთ ბრენდებს აერთიანებს, როგორიც Swatch და Tag Heuer-ია, მათ ჯამურად მხოლოდ 21,1 მილიონი საათის გაყიდვა შეძლეს, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 13%-ით ნაკლებია.
მიუხედავად იმისა, რომ Apple-ს საათების გაყიდვების სტატისტიკა ოფიციალურად არ გაუსაჯაროებია, საჭირო ინფორმაცია Strategy Analytics-მა გადამყიდველებისა თუ მიმწოდებლების დახმარებით შეაგროვა.
"ანალოგური საათები პოპულარულობას უფრო დიდ მომხმარებლებში ინარჩუნებს, ახალგაზრდებს კი ჭკვიანი საათები ურჩევნიათ" — განაცხადა Strategy Analytics-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნეილ მეისტონმა.
Strategy Analytics-ის კიდევ ერთი წარმომადგენელი აცხადებს, რომ შვეიცარიული საათების მწარმოებლები, როგორებიცაა Swatch და Tissot, საათების ომს აგებენ.
Apple Watch ჭკვიანი საათების კატეგორიაში მრავალი წელია ლიდერობს. კვარტლურ გაყიდვებში ისეთი ფაქტი, როდესაც ეფლმა შვეიცარიელებს აჯობა, 2017 წელს დაფიქსირდა, თუმცა 2019 წელი პირველი აღმოჩნდა, როდესაც ამერიკულმა გიგანტმა მთელი წლის ჯამით ევროპელები საგრძნობლად ჩამოიტოვა.
კომენტარები