საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს კომერციული მოდული დაემატება
NASA საერთაშორისო კოსმოსური სადგურისთვის (ISS) ახალი საცხოვრებლად ვარგისი მოდულის აგებასა და მის კოსმოსში გაშვებას გეგმავს. მოდულის ISS-სთან დაკავშირება 2024 წლის მეორე ნახევარში იგეგმება.
NASA-ს სურს კოსმოსური სადგური კომერციული შესაძლებლობებისთვის ღია გახადოს. გასულ წელს მათ სხვადასხვა კერძო კომპანიებს სადგურის რესურსების გამოყენების საშუალება მისცეს. კომპანიები ISS-ს ახალი ტექნოლოგიების გამოსაცდელად, ექსპერიმენტების ჩასატარებლად და ტურიზმისთვის გამოიყენებენ. ახალი შეთანხმების მიხედვით, კომერციულ მოდულს კომპანია Axiom დაამზადებს.
მოდულის ძირითადი კონცეფცია ცნობილია — იგი ISS-სთან დაკავშირებული კომერციული საცხოვრებელი პლატფორმა იქნება. Axiom Station-ის მოდული ფრანგი დიზაინერის, ფილიპ სტარკის მიერაა დაპროექტებული. ინტერიერი ბალიშებითა და ათასობით პატარა LED ნათურით იქნება გაწყობილი. ნათურები ეკიპაჟისთვის შესაფერის განათებასა და ფერს უზრუნველყოფს. მასში ასევე დიდი ფანჯარაც იქნება ამოჭრილი.
კომპანიის თქმით, კვლევებისთვის საჭირო სივრცის გარდა მოდულში ეკიპაჟის ცხოვრებისთვის განკუთვნილი გარემოც იქნება შექმნილი. ჯერჯერობით, მოდულის შესახებ NASA და Axiom დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს.
ეს პირველი ექსპერიმენტული მოდული არ იქნება, რომელიც ISS დაუკავშირდება. მაგალითად, Bigelow Aerospace-მა 2016 წელს სადგურს გასაბერი მოდული დაუკავშრა.
კომენტარები