SpaceX-ს ახალი რაკეტის პროტოტიპი ცდებისას ნაწილობრივ აუფეთქდა
SpaceX-ის მომდევნო თაობის რაკეტის, Starship-ის პროტოტიპი ტეხასში, ცდების მიმდინარეობისას ნაწილობრივ აფეთქდა. კადრებში ჩანს, თუ როგორ ამოდის გაზის ღრუბლები ხომალდიდან.
აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც SpaceX ხომალდში წნევასთან დაკავშირებულ ცდებს ატარებდა. დღის განმავლობაში პირდაპირ ეთერში გაშვებულ სტრიმში ჩანდა, რომ ხომალდიდან პერიოდულად აირები მაღალი წნევით იტყორცნებოდა, რაც ცდის მიმდინარეობაზე მიანიშნებდა.
"ცდის მიზანი შესაბამისი სისტემების წნევით მაქსიმალურად დატვირთვა იყო, შესაბამისად, ეს შედეგი სრულიად მოულოდნელი ნამდვილად არ არის. ამით არავინ დაზიანებულა და არც რაიმე სერიოზული დანაკლისი მიგვიღია", — განაცხადა The Verge-თან SpaceX-ის წარმომადგენელმა.
პროტოტიპის მიზანი Starship-ის დიზაინის გამოცდაა — Starship კომპანიის ყველაზე დიდი რაკეტაა, რომლის მიზანიც შორეულ კოსმოსში, მაგალითად, მთვარესა და მარსზე ადამიანების გაყვანა და ტვირთის გადაზიდვაა.
სექტემბერში ილონ მასკმა განაცხადა, რომ რამდენიმე თვეში ეს კონკრეტული პროტოტიპი საცდელ ფრენებს ჩაატარებდა, ხოლო 6 თვეში კი Starship-ის ერთ-ერთი მოდელი ორბიტაზეც გავიდოდა.
ახლა უკვე ცალსახაა, რომ ეს თარიღები გადაიწევს. აფეთქების შემდეგ მასკმა ტვიტერზე განაცხადა, რომ ისინი ამ კონკრეტულ პროტოტიპს ფრენისთვის აღარ გამოიყენებენ და ამისთვის ახალ მოდელს ააგებენ. თანაც მასკის თქმით, ეს პროტოტიპი Starship-ის საბოლოო დიზაინისგან მაინც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა.
ამავე თემაზე:
კომენტარები