ჰილარი კლინტონმა ნასას ახალი სკაფანდრის დამზადებისკენ მოუწოდა
რამდენიმე დღის წინ NASA-მ განაცხადა, რომ 29 მარტისათვის დაგეგმილი ისტორიული მისია, რომელშიც მხოლოდ ქალებს უნდა მიეღოთ მონაწილეობა, გადაიდო. ამის მიზეზად კი შესაბამისი ზომის სკაფანდრების არარსებობა დასახელდა.
მისია ღია კოსმოსში გასვლას და საერთშორისო კოსმოსური სადგურის ლითიუმ-იონის ელემენტების გამოცვლას მოიცავდა, მასში მონაწილეობა ენი მაკკლეინსა და ქრისტინა კოხს უნდა მიეღო. ამჟამად მაკკლეინი ნიკ ჰაგმა ჩაანაცვლა.
საქმე ისაა, რომ მაკკლეინი და კოხი ამ მისიისათვის ორი განსხვავებული ზომის სკაფანდრში ვარჯიშობდა. 22 მარტს კი ორივე მათგანმა გადაწყვიტა, რომ მათთვის უფრო კომფორტული M ზომის სკაფანდრი იქნებოდა, პრობლემა ისაა, რომ კოსმოსში გასვლა 29 მარტსაა დაგეგმილი, ამ დრომდე კი მეორე M ზომის სკაფანდრის მომზადება ვერ ესწრება.
ამჟამინდელ მისიაში მონაწილეობას M ზომის სკაფანდრით კოხი მიიღებს. მაკკლეინი კი იგივე სკაფანდრით ღია კოსმოსში 8 აპრილს გავა.
"ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად ზუსტად ვივარაუდოთ, თუ რა ზომის სკაფანდრი დასჭირდება ასტრონავტს. ამის გადაწყვეტას იმის მიხედვით ვცდილობთ, თუ რა ზომის სკაფანდრს იყენებს ესა თუ ის ასტრონავტი დედამიწაზე ჩატარებული სწავლებებისას. თუმცა, ორბიტაზე გასვლის შემდეგ ზოგჯერ სკაფანდრის ზომების ცვლილება ხდება საჭირო. დედამიწაზე ჩატარებული სწავლებებისას, ბუნებრივია, რომ უწონადობის სრული სიმულირება ვერ ხდება, კოსმოსში გასვლის შემდეგ სკაფანდრების ზომის ცვლილება სწორედ ამიტომ ხდება ხოლმე საჭირო", - აცხადებს ნასას წარმომადგენელი ბრენდი დინი.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჰილარი კლინტონმა საკუთარ Twitter-ზე ნასას ახალი სკაფანდრის დამზადებისკენ მოუწოდა.
ნასას წარმომადგენელმა სტეფანი შირჰოლზმა კი განაცხადა, რომ მისიაში მონაწილე ადამიანების ჩანაცვლება ბევრად უფრო სწრაფად და მარტივად შეიძლება, ვიდრე ასტრონავტისათვის ახალი სკაფანდრის მორგება, მისი თქმით, ეს გადაწყვეტილებაც სწორედ ამით არის განპირობებული.
გაიგეთ მეტი:
კომენტარები