ნორვეგია პლასტმასის ბოთლების 97 პროცენტის გადამუშავებას ახდენს
პლასტმასის ნარჩენების გადამუშავების საკითხში ნორვეგია მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია.
ორგანიზაცია Infinitum-ის საშუალებით, ქვეყანამ შექმნა პლასტმასის ბოთლების გადამუშავების ყველაზე ეფექტური და ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდი, შედეგები კი იმდენად შთამბეჭდავია, რომ აღნიშნული პროცესის დანერგვაზე უკვე მრავალი სხვა ქვეყანა მუშაობს.
The Guardian-ზე დაყრდნობით, ნორვეგია ქვეყანაში არსებული პლასტმასის ბოთლების 97 პროცენტის გადამუშავებას ახდენს, ხოლო ბუნებაში კი პლასტმასის ბოთლების მხოლოდ ერთი პროცენტი ხვდება.
საინტერესო კი ისაა, რომ გადასამუშავებლად გამზადებული ბოთლების 92 პროცენტიდან იმდენად მაღალი ხარისხის პლასტმასი მიიღება, რომ მისგან კვლავ სასმელი წყლის ბოთლები იქმნება. გარკვეულ შემთხვევებში აღნიშნული სისტემით ერთი და იგივე მასალა 50-ზე მეტჯერაც კი გადამუშავებულა.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიოში წარმოებული პლასტმასის 91 პროცენტის გადამუშავება არ ხდება, ხოლო ოკეანეებში ყოველწლიურად რვა მილიონი მეტრული ტონა პლასტმასის ნარჩენი ხვდება. მაგალითად, აშშ-ში პლასტმასის ბოთლებს გადამუშავების მაჩვენებელი დაახლოებით 30 პროცენტია.
ისმის კითხვა, რა ხდის ნორვეგიას განსაკუთრებულს?
დღეს ახალი პლასტმასის შექმნა უფრო იაფია, ვიდრე ძველის გადამუშავება, შესაბამისად, კომპანიები აღნიშნული საქმიანობით დაინტერესებულნი არ არიან, ცხადია, ამ ყველაფერს საბოლოოდ ფინანსურ ინტერესამდე მივყავართ.
ნორვეგიაში პლასტმასის ბოთლის ყიდვისას მომხმარებლები მცირე გადასახადს, დაახლოებით 13-დან 30-მდე ცენტს იხდიან.
დამატებით გადახდილი ფულის უკან მისაღებად კი რამდენიმე სხვადასხვა გზა არსებობს, მაგალითად, ადამიანებს შეუძლიათ პლასტმასის ბოთლები სპეციალურ აპარატებში, ან მაღაზიებში დააბრუნონ, რა დროსაც ისინი აღნიშნულ 13-30 ცენტს უკან იბრუნებენ.
"მოსახლეობამ უნდა გააანალიზოს, რომ ისინი პროდუქტს ყიდულობენ, შეფუთვას კი კომპანია მათ დროებით თხოვნის", - აცხადებს Infinitum-ის აღმასრულებელი დირექტორი შელ ოლავ მალდუმი.
მთავრობა აქტიურად მუშაობს პლასტმასის მწარმოებლებზეც. ქვეყანაში დაწესებულია სპეციალური გადასახადი, რომელიც გადამუშავების სიხშირის მატებასთან ერთად იკლებს, ხოლო თუ ქვეყანაში პლასტმასის გადამუშავების სიხშირე 95 პროცენტს აჭარბებს, აღნიშნული გადასახადიდან ყველა თავისუფლდება.
შეიძლება იფიქროთ, რომ 95 პროცენტი რთულად მისაღწევი მიზანია, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ის ყოველწლიურად სრულდება.
აღნიშნული სქემის შექმნის შემდეგ კომპანია Infinitum-ს მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი ესტუმრა, მათ შორისაა შოტლანდია, ჩინეთი, ინდოეთი, ავსტრალია და სხვები, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში ამ მეთოდის დანერგვით არიან დაინტერესებულნი.
მიუხედავად ამისა, აღნიშნული პროცესის დახვეწა და განვითარება კიდევ შეიძლება. Infinitum-ის გათვლებით, წელს გადაუმუშავებელი 150 000 ბოთლი დარჩება, რომელთა გადამუშავებითაც დაიზოგებოდა ენერგიის ის რაოდენობა, რომელსაც 5 600 სახლი ერთი წლის განმავლობაში მოიხმარს.
კომენტარები