იოსემიტის პარკის ცეცხლის ჩანჩქერი ულამაზესი ბუნებრივი მოვლენაა, რომლის ნახვაც ყოველი წლის თებერვალში შეიძლება. აღნიშნული მოვლენა მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება და მის ნახვას ყოველწლიურად ასობით ადამიანი ცდილობს.

ცეცხლის ჩანჩქერი ოპტიკური ილუზიაა, რომელიც მაშინ იქმნება, როდესაც ჩანჩქერს მზის სხივები ერთი კონკრეტული კუთხით ეცემა.

რამდენად შთამბეჭდავი იქნება სანახაობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რა რაოდენობით წყალი მოედინება ჩანჩქერში.

წელს ჩანჩქერი კალიფორნიელმა ფოტოგრაფმა ვაშე გაიულიანმა გადაიღო, მან ცეცხლოვანი ჩანჩქერი წელს საკუთარი თვალით პირველად ნახა.

"მე ძალიან აღელვებული და გახარებული ვიყავი, როცა ჩანქერი, როგორც იქნა, პირადად ვნახე. მე და ჩემი მეგობარი ჩანქერის სანახავად ადგილზე დაახლოებით დღის ორი საათისთვის მივედით. თავდაპირველად ჩვენ მარტო ვიყავით, შემდეგ კი გარს უამრავი ადამიანი შემოგვეხვია, რომლებიც ჩვენს წინ არსებული სანახაობით ტკბებოდნენ და ჩანჩქერს ფოტოებს უღებდნენ", - აცხადებს გაიოლიანი.

ცეცხლის ჩანჩქერის სანახავად რამდენიმე აუცილებელი პირობა უნდა შესრულდეს. თებერვალში პარკში საკმარისი თოვლი უნდა იდოს, სწორედ დამდნარი თოვლით იკვებება ცეცხლისფერი ჩანჩქერი. თუ ეს პირობა არ შესრულდება, ცხენის კუდის ჩანჩქერს, რომელიც ელ კაპიტანის აღმოსავლეთ კლდეზე გადმოედინება, საკმარისი წყალი არ ექნება და შთამბეჭდავ სანახაობასაც ვერ მივიღებთ.

გარდა ამისა მოწმენდილი უნდა იყოს ცაც, რათა მზის ჩასვლისას მზის სხივები ჰაერში გადმოკიდებულ წყლის წვეთებს სწორი კუთხით დაეცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩანჩქერი არ აინთება.

იოსემიტის ცეცხლოვან ჩანჩქერს ფოტო პირველად 1973 წელს გადაუღეს, თუმცა ადგილობრივებმა მის შესახებ სავარაუდოდ ოდითგანვე იცოდნენ. ახლა კი ყოველწლიურად თებერვალში იოსემიტის პარკს ამ მოვლენის სანახავად ასობით ადამიანი სტუმრობს.