ნიუ-იორკის ერთ-ერთი სკოლა ბულინგს ვირტუალური რეალობის გამოყენებით ებრძვის
ნიუ-იორკში არსებული ერთ-ერთი კერძო სკოლა ბულინგთან საბრძოლველად უახლეს ტექნოლოგიებს მიმართავს. სკოლაში მოსწავლეები სპეციალურ აპლიკაციებსა და ვირტუალური რეალობის სათვალეებს იყენებენ, რომლითაც ისინი ბულინგის საწინააღმდეგოდ შექმნილ თამაშებს თამაშობენ, რისი მიზანიც ბავშვებისთვის სიკეთის "სწავლება" და კარგი მაგალითების მიცემაა.
"ჩვენ მოსწავლეებს ემპათიის შეგრძნებასა და მათგან განსხვავებული ადამიანების მიღებას ვასწავლით", - აცხადებს სკოლის წარმომადგენელი ჯულია კინგი.
კინგი და მასწავლებელი ვილი დომინგესი ვირტუალური რეალობის გამოყენებით ბავშვებს ასწავლიან, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ ისინი სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებს.
"ვირტუალური რეალობის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მასში ბავშვები სრულად იძირებიან და შთამბეჭდავ, რეალურ გამოცდილებას იღებენ", - აცხადებს კინგსი.
სპეციალური აპლიკაციის საშუალებით მოსწავლეები ვირტუალურ რეალობაში სხვადასხვა სცენარებსა და სიტუაციებს ქმნიან, მთავარი კი ისაა, რომ ვირტუალური რეალობის სათვალეების გამოყენებით მოსწავლეებს შეუძლიათ ვირტუალურ სამყაროს ერთმანეთის პერსპექტივებიდან შეხედონ.
"ამის საშუალებით მოსწავლეები სწავლობენ, თუ რას გრძნობენ, ხედავენ და განიცდიან სხვა ადამიანები, რაც ამ გამოცდილებას შეუცვლელს ხდის. ახლა მოსწავლეები განსხვავებულ გარემოში იზრდებიან. ტექნოლოგიები მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ჩვენ კი ვცდილობთ, რომ ეს ფაქტი სასიკეთოდ გამოვიყენოთ", - აცხადებს კინგი.
"ამ გამოცდილების შედეგად ვისწავლე, რომ ბულინგი ის არის, რაც არავინ არასდროს არ უნდა გააკეთოს. ეს ყოვლად მიუღებელია, ამაზე ფიქრიც კი არ შეიძლება", - აცხადებს ერთ-ერთი მოსწავლე სებასტიან ბანკი.
როგორც ჩანს, აღნიშნული მიდგომა ამართლებს, აღსანიშნავია, რომ ეს ტექნოლოგია სწრაფად ვითარდება და ის ბავშვებისათვის უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება.
კარგი ისაა, რომ ვირტუალური რეალობა ბავშვების აქტიურ ჩართულობას მოითხოვს, რაც უფრო ეფექტიანია, ვიდრე წინასწარ გამზადებული სტანდარტული მეთოდების გამოყენება.
ბულინგის თემაზე რუსთავი 2-ის გადაცემა სხვა შუადღეში ისაუბრეს.
კომენტარები