Google ყოველწლიურად აქვეყნებს სტატისტიკას, რომელშიც ჩანს თუ რას ეძებდნენ ადამიანები წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად.

გამონაკლისი არც 2018 წელია, რამდენიმე დღის წინ კომპანიამ წლევანდელი ანგარიშიც გამოქვეყნდა.

საქართველო

სანამ გლობალურ მიმოხილვაზე გადავალთ, ჯერ შეგვიძლია ვნახოთ თუ რას ეძებდნენ გუგლში ადამიანები საქართველოდან.

წელს პირველ ორ ადგილს თურქული სერიალები - "ნაადრევი ფრინველი" და "პირობა" იკავებს. ანგარიშში მოხვდა მსოფლიო ჩემპიონატი და თამაში Fortnite-იც, რომელიც, როგორც ჩანს, საქართველოში საკმაოდ პოპულარულია. ჩამონათვალში ვხვდებით ჰოროსკოპსაც.

დანარჩენ ადგილებს კი საიტების შეცდომით დაწერილი მისამართები ინაწილებს.

მსოფლიო

პირველ ადგილს მსოფლიო ჩემპიონატი იკავებს, რაც გასაკვირი არ არის, რადაგანაც გუგლი ტრენდულ თემებს იმის მიხედვით ალაგებს, თუ რამდენად გაიზარდა ინტერესი საკითხის შესახებ წინა წელთან შედარებით. მსოფლიო ჩემპიონატი ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება, მისდამი ინტერესი 2018 წელს, წინა სამ წელთან შედარებით, ბუნებრივია, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა.

ასევე ერთ-ერთ პირველ ადგილზეა ქარიშხალი ფლორენსიც, რომელმაც ჩრდილოეთსა და სამხრეთ კაროლინაში 55 ადამიანის დაღუპვა და 18 მილიარდი დოლარის ზარალი გამოიწვია.

ტრენდული თემების ნახვა კონკრეტულ კატეგორიებადაც შეიძლება, მაგალითად, 2018 წელს გუგლში ყველაზე ხშირად მეგან მარკლის ეძებდნენ, რომელიც პრინც ჰარიზე დაქორწინდა.

პოპულარულ ფილმებს შორის კი მოხვდნენ Deadpool 2, Black Panther, Venom, Bohemian Rhapsody და სხვები.

2018 წელს აშშ-ში ყველაზე ხშირად ინფორმაციას ბიტკოინის შესახებ ეძებდნენ, რომლის ღირებულებაც 2018 წელს 80 პროცენტით შემცირდა. ბიტკოინი არ არის ერთადერთი კრიპტოვალუტა, რომელიც ხალხში ინტერესს იწვევს. ანგარიშში მოხვდა ყველაზე სწრაფად მზარდი კრიპტოვალუტა Ripple-იც.

აშშ-ში სილამაზის სფეროში კი ყველაზე ხშირად დასმული კითხვა მაგნიტური წამწამების გაკეთების ინსტრუქციას ეხებოდა.

მუსიკალურ კატეგორიაში ყველაზე ხშირად Queen-ის Bohemian Rhapsody-ს ეძებდნენ.

სრული ანგარიშის ნახვა მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ.