ჩვენ შევკრიბეთ ის მთავარი სამეცნიერო სიახლეები, რომლებიც შეიძლება დატვირთული კვირის განმავლობაში გამოგრჩენოდათ.

1. SpaceX-მა ისტორიული მისიის ფარგლებში ორბიტაზე 64 თანამგზავრი გაუშვა

ფოტო: Spaceflight

ორბიტაზე პატარა თანამგზავრების გაშვება უფრო და უფრო პოპულარული და ხელმისაწვდომი ხდება. თუ ადრე პატარა თანამგზავრები დიდი ხომალდების გაშვების შედეგად რაკეტაზე დარჩენილ თავისუფალ სივრცეებს ითვისებდნენ, ახლა კომპანიამ ასეთ ხომალდებს მთლიანი მისია მიუძღვნა.

გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/wxn

2. ხელოვნური ინტელექტი ცილების 3D სტრუქტურებს რეკორდულად სწრაფად ადგენს

ფოტო: Adam Coster

წლების განმავლობაში ცილების სამგანზომილებიანი მოდელების შექმნა ბიოლოგებისთვის ერთ-ერთი დიდი პრობლემა იყო. Google-ის შვილობილმა კომპანიამ, DeepMind-მა შექმნა პროგრამა, რომელსაც ცილების სამგანზომილებიანი მოდელების შექმნა რამდენიმე საათში შეუძლია.

გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/wyg

3. ბოლო ორი წლის განმავლობაში მსოფლიოში წითელას შემთხვევებმა 30%-ით მოიმატა

ფოტო: Shutterstock

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, მსოფლიოში წითელას შემთხვევები იმატებს. ამის მთავარ მიზეზად ვაქცინაციაზე უარის თქმა სახელდება. ექსპერტების თქმით, აუცილებელია გეგმიური ვაქცინაციის უფრო მკაცრი კონტროლი.

გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/wym

4. ანონიმური ფორუმის უცნობმა მომხმარებელმა 25-წლიანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა

ფოტო: Kyoto Animation

4chan-ის ანონიმურ მომხმარებელს სურდა დაედგინა ერთ-ერთი ანიმეს სერიების ყურების ყველა შესაძლო თანმიმდევრობა, რა დროსაც მან "შემთხვევით" მათემატიკური პრობლემა გადაჭრა, რომელზეც მათემატიკოსები 25 წელიწადზე მეტია მუშაობენ.

გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/x0s

5. ახალი ტესტი სხეულში კიბოს სულ რაღაც 10 წუთში აღმოაჩენს

ფოტო: Shutterstock

ახალი ტესტი სისხლში, ქსოვილსა ან სხეულიდან გამოყოფილ სხვა სითხეში კიბოს უჯრედებისთვის დამახასიათებელ დნმ-ს პოულობს. მეცნიერების ვარაუდით, ტესტს ყველა ტიპის კიბოს დაფიქსირება დაახლოებით 90%-იანი სიზუსტით შეეძლება.

გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/x0u

6. გარდაცვლილი დონორის საშვილოსნოდან პირველი ბავშვი დაიბადა

ფოტო: Getty Imag

2016 წელს, 32 წლის ქალს სან-პაულოში 10-საათიანი ოპერაცია ჩაუტარეს და 45 წლის გარდაცვლილის საშვილოსნო გადაუნერგეს, ახლა კი მას ბავშვი შეეძინა. მსოფლიოში საშვილოსნოს გადანერგვის 39 შემთხვევაა დაფიქსირებული. თუმცა, გარდაცვლილი ადამიანის სხეულიდან ამოკვეთილი საშვილოსნოს გადანერგვის პირველი 10 შემთხვევა წარუმატებლად დასრულდა.

გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/wzp

7. "ბნელი სითხე" - ოქსფორდის მეცნიერი სამყაროს ნაკლულ მატერიას ახლებურად ხსნის

ფოტო: Hartman-Simkins

გალაქტიკები იმაზე სწრაფად ბრუნავს, ვიდრე ისინი უნდა ბრუნავდნენ. სამყარო ფართოდება, როდესაც ის არ უნდა ფართოვებოდეს. ამ ფაქტების ახსნას კი ადამიანები ბნელი მატერიითა და ბნელი ენერგიით ვცდილობთ. ოქსფორდის ფიზიკოსმა კი ახლა ამ პრობლემების გადაწყვეტის ალტერნატიულ გზა შემოგვთავაზა.

http://go.on.ge/x0x

8. ნახეთ: მზის ჩრდილოეთ პოლუსის პირველი სურათი

ფოტო: ESA / Royal Observatory of Belgium

მეცნიერებმა ევროპული კოსმოსური სააგენტოს მიერ გაშვებული ხომალდის, PROBA-2-ის მიერ შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით, მზის ჩრდილოეთ პოლუსის სურათის შექმნა შეძლეს. იმ ორბიტაზე მოხვედრა, რომლიდანაც მზის პოლუსების "დანახვა" შეიძლება, ხომალდებისთვის ძალიან რთულია.

გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/x0t

9. ღორებისგან გადანერგილი გულებით ბაბუინებმა ექვს თვეზე მეტხანს იცოცხლეს

ფოტო: SHUTTERMON/ISTOCKPHOTO

25-წლიანი მუშაობის მიუხედავად, ამ დრომდე გულის გადანერგვის შემდეგ ბაბუინების მაქსიმალური სიცოცხლის ხანგრძლივობა მაქსიმუმ ორი თვე იყო. მიღწეული შედეგი ქსენოტრანსპლანტაციის სფეროში წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია. ჯერჯერობით უცნობია, იმუშავებს თუ არა ახალი მეთოდი ადამიანებთან მიმართებაშიც, თუმცა, კვლევის შედეგები დამაიმედებელია.

გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/x2g

10. "მზე ყუთში" - MIT-ში განახლებადი ენერგიის შემნახველ ახალ სისტემაზე მუშაობენ

ფოტო: Qwazz

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ინჟინრებმა განახლებადი ენერგიის შემნახველი სისტემის კონცეპტუალური დიზაინი შექმნეს, რომელსაც ელექტროენერგიის შენახვა და საჭიროებისამებრ გაცემა შეუძლია. სისტემამ შესაძლოა პატარა ქალაქის ელექტროენერგიით მომარაგება უზრუნველყოს, მაშინაც კი, როდესაც მზე ჩასულია და ქარი არ ქრის.

გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/x2i