დაბადებიდან უსინათლო ადამიანებში შიზოფრენიის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა — რატომ?
ფოტო: Only_NewPhoto/Shutterstock
1950 წელს მკვლევრებმა ჰექტორ შევინიმ და სიდელ ბრავერმანმა, როგორც თავად აღნიშნეს, გადაწყვიტეს "უსინათლოთა ემოციური ცხოვრების შესახებ ძველი მითები დაემსხვრიათ" და ეჩვენებინათ, რომ უსინათლოთა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები მხედველობის მქონე ადამიანების პრობლემებისგან არაფრით განსხვავდება.
მათ ერთი დიდი და ძალიან გასაკვირი განსხვავება აღმოაჩინეს: დაბადებიდან უსინათლო (ან დაბადებიდან მალევე დაბრმავებულ) ადამიანებში შიზოფრენიის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. იმ პერიოდში პაციენტთა შესახებ შეზღუდული მონაცემები იყო ხელმისაწვდომი, ამიტომ გაურკვეველი რჩებოდა, გაუძლებდა თუ არა დროის გამოცდას ეს საოცარი აღმოჩენა. მაგრამ მას შემდეგ გასული თითქმის 80 წლის განმავლობაში, ფსიქიკური დაავადებების კიდევ არაერთი მონაცემთა ბაზა შეიქმნა და როგორც ამას ჟურნალ Frontiers in Psychology-ში გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, კვლავ არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.
ყველაზე მასშტაბური მტკიცებულება 2018 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ მოგვცა, რომელმაც დასავლეთ ავსტრალიაში, 1980-2001 წლებში დაბადებული, თითქმის ნახევარი მილიონი ბავშვის (467,945) მონაცემები შეისწავლა. მათგან 1,870-ს (0.4%) შიზოფრენია განუვითარდა, მაგრამ კორტიკალური სიბრმავის მქონე 66 ბავშვს შორის არცერთი ასეთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ეს უბრალოდ დამთხვევაა? თუ მხედველობის არქონა გარკვეულწილად შიზოფრენიისგან გვიცავს? და თუ ასეა, როგორ მუშაობს ეს მექანიზმი?
შიზოფრენია და საყოველთაოდ აღიარებული რეალობიდან გადახვევა
შიზოფრენია ნეიროგანვითარების დარღვევაა, რომელიც ხელს უშლის რეალობის აღქმას, ამბობს იელის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერი, ფილიპ კორლეტი. ის ფსიქოზსა და ბოდვით აზროვნებას იკვლევს. შიზოფრენიამ შეიძლება, გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ჰალუცინაციები, არაორგანიზებული მეტყველება და აზროვნება, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, მოტივაციის ნაკლებობა ან სამყაროსთან კონტაქტის დაკარგვა.
თუმცა, დაავადების ყველაზე ნაცნობი მახასიათებელია ის, რასაც კორლეტი აღწერს, როგორც "საყოველთაოდ აღიარებული რეალობიდან გადახვევას", ან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისეთი რამეების რწმენას, რისიც შენს კულტურაში ადამიანთა უმეტესობას არ სჯერა.
მიუხედავად იმისა, რომ შიზოფრენიის გამომწვევი მიზეზები და მექანიზმები ჯერ კიდევ ბოლომდე შესწავლილი არ არის, სულ უფრო მისაღები ხდება თეორია, რომ დაავადება პროგნოზირების პროცესში დაშვებული შეცდომების შედეგია. ამის გასაგებად, უნდა განვიხილოთ, როგორ ამუშავებს ინფორმაციას ჯანმრთელი ტვინი.
როგორ აკეთებს ტვინი პროგნოზებს
მიდრეკილი ვართ ვიფიქროთ, რომ ჩვენი ტვინი ერთგვარი, უკიდურესად დახვეწილი ვიდეოჩამწერია. მაგრამ, გასული რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ნეირომეცნიერებამ აჩვენა, რომ ჩვენი ტვინი ზუსტად ასე არ მუშაობს. სინამდვილეში, ტვინი რეალობას წინა გამოცდილებაზე დაყრდნობით, მოლოდინების მიხედვით პროგნოზირებს,
შემდეგ კი, სენსორული მონაცემების მიღებასთან ერთად, ის თანდათანობით აკორექტირებს ამ პროგნოზს. სასექსის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერი, ანილ სეთი ამ პროცესს "კონტროლირებად ჰალუცინაციებს" უწოდებს. თუმცა, შიზოფრენიის მქონე ადამიანებისთვის ჰალუცინაციები ყოველთვის კონტროლირებადი არ არის.
რა ერღვევათ შიზოფრენიის მქონე ადამიანებს აღქმის პროცესში? ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, რომელიც კორლეტმა და სხვებმა შეიმუშავეს, დაავადება პროგნოზირების შეცდომების შედეგია. შიზოფრენიის მქონე ადამიანები, სავარაუდოდ, ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებენ ისეთ სენსორულ ინფორმაციას, რომელსაც დანარჩენები უგულებელვყოფთ ან სულაც ვერ ვამჩნევთ.
ერთ-ერთ ექსპერიმენტში კორლეტმა და მისმა კოლეგებმა კვლევის მონაწილეებს ჰალუცინაციების ქონის რეფლექსი გამოუმუშავეს, რაც, მისივე თქმით, ბოლომდე რთული გასაკეთებელი არ არის; ამის შესახებ Cambridge University Press-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია საუბარი. ექსპერიმენტი საკმაოდ მარტივი იყო. ვიზუალურ სტიმულს, მაგალითად, მოციმციმე შუქს, თან ხმოვანი სიგნალი ახლდა. რამდენიმე რაუნდის შემდეგ, შუქის დანახვისას ადამიანებმა ხმოვანი სიგნალის აღქმა დაიწყეს, მაშინაც კი, როდესაც ხმა არ ისმოდა.
თუმცა, იმ ადამიანებს, რომლებსაც უკვე ჰქონდათ მიდრეკილება თავში ხმების მოსმენისკენ, სხვა მონაწილეებთან შედარებით 10-ჯერ მეტი შანსი ჰქონდათ, რომ ლაბორატორიაში ხმოვანი სიგნალის ჰალუცინაცია გამოეცადათ. კორლეტის განმარტებით, ის ფაქტი, რომ ადამიანები, რომლებსაც ხმები ესმით, ბევრად უფრო ხშირად საუბრობენ ხმოვანი სიგნალის გაგონებაზე, მიუთითებს, რომ მათ სმენითი სტიმულის მოლოდინისკენ მიდრეკილება აქვთ.
განსხვავებულად მოწყობილი ტვინი
მაშ, რა კავშირშია ეს უსინათლობასთან? ვიზუალური სისტემა არის ტვინის ის უბანი, რომელიც ყველაზე ფართოდ უკავშირდება ტვინის სხვა ნაწილებს. ის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მხედველობისთვის, არამედ ყურადღებისთვის, სწავლისთვის და ემოციების გადამუშავებისთვისაც კი. ვიზუალური სისტემის ეს განსაკუთრებული მნიშვნელობა არის მიზეზი იმისა, რატომ თამაშობს ის მნიშვნელოვან როლს სმენითი ჰალუცინაციებშიც კი.
ვიზუალური სისტემა უკიდურესად მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება ფსიქოზის ტენდენციებს, რადგან მას დიდი როლი აქვს მოლოდინების შექმნაში, თქვა კორლეტმა. ჩვენ ჩვენს მოლოდინებს წინა გამოცდილებაზე ვაფუძნებთ, ხოლო მხედველობის მქონე ადამიანებისთვის ეს გამოცდილება უმეტესწილად ვიზუალურია. თუმცა, როდესაც ვიზუალური ქერქი არანაირ სტიმულს არ იღებს, როგორც ეს დაბადებიდან უსინათლო ადამიანების შემთხვევაში ხდება, ტვინი ინფორმაციის გადასამუშავებლად საკუთარ თავს სხვა გზებით გარდაქმნის. ჟურნალ Biological Psychiatry-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ მას პროგნოზების გაკეთების განსხვავებული, ბოდვითი აზრებისკენ ნაკლებად მიდრეკილი გზები აქვს.
"თუ არ გაქვთ ვიზუალური სისტემა, რომელიც პროგნოზირების დომინანტური საშუალებაა, მაშინ, შესაძლოა, არ გქონდეთ სმენითი სტიმულების მიმართ ეს გადაჭარბებული მოლოდინი, ან, შესაძლოა, თქვენი მოლოდინები სმენითი სტიმულების მიმართ განსხვავებული იყოს. და, შესაძლოა, სწორედ ეს გიცავთ ფსიქოზური სიმპტომების შემდგომი განვითარებისგან", — ამბობს კორლეტი.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს დამცავი ეფექტი სპეციფიკურია კონკრეტულად კორტიკალური სიბრმავისთვის, ანუ იმ შემთხვევებისთვის, როცა დაზიანებულია ტვინის ვიზუალური ქერქი, არა თვალები. ადამიანებს, რომლებსაც უსინათლობა თვალის დაზიანებით აქვთ გამოწვეული (ხოლო ვიზუალური ქერქი ხელუხლებელია), შიზოფრენიის დაცვითი ეფექტი აღარ აქვთ. საინტერესო კონტრასტიც არსებობს: ადამიანებს, ვინც დაბადებისას ხედავდნენ და მოგვიანებით დაბრმავდნენ, შიზოფრენიის განვითარების საშუალოზე მაღალი რისკი აქვთ. ეს კიდევ უფრო აძლიერებს არგუმენტს, რომ საქმე კონკრეტულად ტვინის ადრეულ განვითარებაშია, არა უბრალოდ მხედველობის არარსებობაში.
თუმცა, ყველა მკვლევარი "პროგნოზირების შეცდომის" თეორიას ბოლომდე ამომწურავად არ მიიჩნევს. როჩესტერის უნივერსიტეტის ფსიქიატრი, სტივ სილვერშტაინი აღნიშნავს, რომ ეს ახსნა ვერ პასუხობს ერთ საკვანძო წინააღმდეგობას: დაბადებიდან უსინათლო ადამიანებს, პირიქით, გამორჩეულად განვითარებული აქვთ ისეთი უნარი, როგორიც არის სელექციური ყურადღება, ხოლო შიზოფრენიის მქონე ადამიანებში სწორედ ეს უნარია დარღვეული. სურათს კიდევ უფრო ართულებს ერთი დამატებითი დაკვირვება — თანდაყოლილი ყრუ-სიბრმავე (მაგალითად, აშერის სინდრომით გამოწვეული) პირიქით, ფსიქოზის მომატებულ რისკთანაა დაკავშირებული.
ექსპერტებმა ჯერ კიდევ ზუსტად არ იციან, რატომ არ არსებობს დაბადებიდან უსინათლო ადამიანებში შიზოფრენიის დოკუმენტირებული შემთხვევები, მაგრამ ეს უცნაური, თუმცა რეალური ფაქტი ნამდვილად ემთხვევა იმას, რასაც ნეირომეცნიერება გონების მიერ რეალობის აგებაზე იკვლევს.
კომენტარები