კვლევის თანახმად, მენოპაუზის შემდეგ საკვერცხეები ახალ ფუნქციას იძენს
ფოტო: Getty Images
ახალი კვლევის მიხედვით, მენოპაუზის შემდეგ საკვერცხე "ინერტულ" ორგანოდ არ იქცევა. პირიქით, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ის იმუნურ პროცესებთან დაკავშირებულ ახალ ფუნქციას იძენს. ამის შესახებ გამოქვეყნებული ნაშრომი თაგვებზე დაკვირვებით მიღებულ შედეგებს ეფუძნება.
რეპროდუქციული ბიოლოგი, ფრანჩესკა დუნკანი, წლებია ცდილობს გაარკვიოს, რა ხდება საკვერცხეებში მას შემდეგ, რაც ისინი კვერცხუჯრედების გამოყოფას წყვეტს. მისი თქმით, ამ დროს რაღაც ახალი იწყება. ეს მოსაზრება ეყრდნობა მის კიდევ ერთ კვლევას, რომელიც მენოპაუზის მქონე 28 ქალის მონაცემებს მოიცავს, თუმცა ჯერჯერობით რეცენზირებული არ არის. მის ფარგლებში დაადგინეს, რომ საკვერცხის ქსოვილის მიერ წარმოქმნილი ცილების შედგენილობა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. თუ მენოპაუზის შემდეგ საკვერცხეები სრულიად უმოქმედოა, მსგავსი რამ არ უნდა გამოვლენილიყო.
თაგვებზე ჩატარებული კვლევა პირდაპირ ვერ გვიჩვენებს, რა ხდება ადამიანის ორგანიზმში, თუმცა მათთან ჩვენი ბიოლოგიური მსგავსების გამო ის მნიშვნელოვან მინიშნებებს გვაძლევს. მკვლევრებმა 2, 18 და 24 თვის თაგვების საკვერცხეები შეისწავლეს, მათ შორის გენეტიკურად. თითოეული ასაკი რეპროდუქციული ციკლის განსხვავებულ ეტაპს შეესაბამება. ჩვეულებრივ, ამ მღრღნელების საკვერცხეები ფუნქციას დაახლოებით ორი წლის ასაკში წყვეტს. მათში, ადამიანისგან განსხვავებით, მენოპაუზას ესტროგენის მკვეთრი შემცირება არ ახლავს, მაგრამ სხვა მხრივ ეს პროცესები გარკვეულ მსგავსებას ავლენს.
დაკვირვებამ აჩვენა, რომ ასაკის მატების პარალელურად რეპროდუქციულ ფუნქციასთან დაკავშირებული პროცესები შენელდა (როგორც მოსალოდნელი იყო). ხანდაზმულ თაგვებში ნაკლები ფოლიკული დაფიქსირდა, ასევე შეიცვალა ქსოვილებისა და კოლაგენის განლაგებაც. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკვერცხეების აქტივობა მთლიანად შეწყდა: ანალიზმა აჩვენა, რომ ორგანომ რეპროდუქციულიდან იმუნური ფუნქციის შესრულებაზე გადაინაცვლა. კერძოდ, მენოპაუზის შემდგომი პერიოდის საკვერცხეებში T-ლიმფოციტების, მაკროფაგებისა და მრავალბირთვიანი გიგანტური უჯრედების რაოდენობა გაიზარდა.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ხანდაზმული ინდივიდების საკვერცხეები ახალგაზრდებისგან არა მხოლოდ აგებულებითა და ფუნქციით, არამედ გენების აქტიურობითაც განსხვავდება. მსგავსი რამ დუნკანმა მენოპაუზის მქონე ქალებშიც დააფიქსირა. ეს მიანიშნებს, რომ საკვერცხეებში მოლეკულური ცვლილებები რეპროდუქციული ფუნქციის დასრულების შემდეგაც გრძელდება. მეცნიერთა ვარაუდით, ამ პერიოდში ისინი იმუნური სისტემის, ანთებით პროცესებში მონაწილე, ორგანოდ გარდაიქმნება. შესაძლოა, ამას მთელი ორგანიზმის დაბერებაზეც ჰქონდეს გავლენა როგორც ჰორმონალური (ენდოკრინული), ისე ადგილობრივი უჯრედული (პარაკრინული) მექანიზმებით.
თუ ეს დასკვნები მომავალ კვლევებშიც დადასტურდება, ამას შეიძლება მენოპაუზის შემდგომი ჯანმრთელობის მართვაზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს. განსაკუთრებით იმ ქალებში, რომლებსაც საკვერცხეები აქვთ ამოკვეთილი.
ნაშრომი გამოცემაში Molecular Human Reproduction გამოქვეყნდა.

კომენტარები