ხორცზე ალერგია ტკიპას ნაკბენმაც შეიძლება გამოიწვიოს — დადასტურებულია პირველი მსხვერპლი
ფოტო: Getty Images
ნიუ-ჯერსიში მცხოვრები 47 წლის კაცი ოჯახთან ერთად კემპინგისას, სტეიკის ჭამის შემდეგ 4 საათში, ავად გახდა. სიმპტომები მომდევნო დილას შემსუბუქდა, მაგრამ რამდენიმე კვირაში იგი ანაფილაქსიურმა შოკმა იმსხვერპლა.
სიკვდილის შემდგომმა სისხლის ანალიზმა აჩვენა, რომ მას წითელი ხორცის მიმართ ალერგია ჰქონდა განვითარებული, რაც ტკიპა Amblyomma americanum-ის ნაკბენმა გამოიწვია. სხვა მხრივ ჯანმრთელმა კაცმა ეს არ იცოდა, ამიტომ ჰამბურგერი ჭამა.
ეს ტკიპას ნაკბენით გამოწვეული მსგავსი ალერგიის გამო ადამიანის გარდაცვალების პირველი შემთხვევაა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ ტკიპების გავრცელების არეალში (აღმოსავლეთ აშშ, მექსიკა) მცხოვრები ადამიანები ყურადღებით უნდა იყვნენ და წითელი ხორცის მიღების შემდეგ საეჭვო ნიშნების გამოვლენისთანავე ექიმს მიმართონ.
ესაა ალფა-გალ სინდრომი, რომლის დროსაც ჩვენი ორგანიზმი ბევრი ძუძუმწოვრის უჯრედულ მემბრანაში არსებული შაქრის, ალფა-გალის, მიმართ მგრძნობიარე ხდება. ის ადამიანის სხეულში ბუნებრივად არაა, ამიტომ როცა ტკიპის ნაკბენით ის პირდაპირ სისხლში ხვდება, იმუნური სისტემა აქტიურდება და ამ შემცველობის საკვების მიღებისას ალერგიულ რეაქციას იწვევს. ასეთი გამღიზიანებელი შეიძლება იყოს, მაგალითად, ცხოველური რძე, ყველი და ძროხის, ღორის ან ბატკნის ხორცი.
ალფა-გალ სინდრომის სიმპტომებს შორისაა: გამონაყარი, ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, დიარეა, სისუსტე, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ასევე ტუჩების, საყლაპავის, ენის ან ქუთუთოების შესიება.
ექსპერტები დიდი ხანი ვარაუდობდნენ, რომ ალფა-გალის მიმართ იმუნურ რეაქციას სიკვდილის გამოწვევა შეუძლია; ახლა მათ ამის პირველი მტკიცებულება აქვთ, რაც გარდაცვლილი კაცის ცოლის დამსახურებაა. მან აუტოფსიის გაურკვეველი შედეგების შემდეგ ქმრის სიკვდილის მიზეზის სხვა გზით დადგენა გადაწყვიტა.
კვლევამ აჩვენა, რომ კაცის სისხლში ანაფილაქსიური რეაქციების ბიოლოგიურ ინდიკატორ ტრიპტაზას შემცველობა ყოველ მილილიტრზე 2000 გრამს აღემატებოდა. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია და ფატალური ანაფილაქსიების შემთხვევებში ფიქსირდება.
პაციენტსა და მის ცოლს ეგონათ, რომ კაცის მუხლებზე არსებული ნაკბენები სულ სხვა ტკიპებს უკავშირდებოდა. ეჭვი ჰქონდათ Trombiculidae-ზე, რომელშიც Amblyomma americanum ხშირად ეშლებათ. როგორც წესი, ასეთი ტკიპები ამ უკანასკნელთა ლარვები არიან და ალფა-გალ სინდრომის გამოწვევა მაინც შეუძლიათ.
ჩვეულებრივი ჰაბიტატიდან ჩრდილოეთით ამ ტკიპების გავრცელება შეიძლება რეგიონში ირმების რაოდენობის ზრდას უკავშირდებოდეს. ეს ცხოველები Amblyomma americanum-ის პირველადი მასპინძელი ორგანიზმები არიან და ისინი სწორედ მათ სხეულზე მრავლდებიან; სხვა არეალებში ტკიპების გადასვლას გლობალური დათბობაც უწყობს ხელს, რადგან აქამდე ამას სიცივის გამო ვერ ახერხებდნენ.
უნდა აღინიშნოს, რომ წითელი ხორცის მიმართ ალერგია ავსტრალიაში, ევროპის ნაწილსა და აზიაში მობინადრე ტკიპების ნაკბენმაც შეიძლება განაპირობოს. შესაბამისად, ყურადღება იქ მცხოვრებ ადამიანებსაც მართებთ.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Journal of Allergy and Clinical Immunology in Practice გამოქვეყნდა.

კომენტარები