შავი ხვრელები გიგანტურ ვარსკვლავებში — ასტრონომები უცნაურ ობიექტებს იკვლევენ
ფოტო: Müller/A. de Graaff
უძველესი სამყაროდან ჩვენამდე მოსული სინათლის იდუმალი ლაქები შეიძლება ისეთ ობიექტებს წარმოადგენდეს, რომლებიც აქამდე არასდროს გვინახავს.
"პატარა წითელი წერტილის" (LRD), მეტსახელად The Cliff-ის ანალიზის მიხედვით, ეს ამოუხსნელი ობიექტები შეიძლება გაზის უზარმაზარ, მკვრივ ღრუბელში გახვეული ზემასიური შავი ხვრელები იყოს. მათ ეს საბურველი დაახლოებით ისე აქვთ, როგორც ვარსკვლავის ბირთვს ატმოსფერო.
სწორედ ამას შეუძლია ახსნას თავსატეხი, რომლის ამოხსნასაც ასტრონომები დიდი ხანია ცდილობენ. თავსატეხი კი შემდგომშია: LRD სინათლეში გალაქტიკები იმაზე ძველი ჩანს, ვიდრე ეს შესაძლებელია.
"ჩვენ დავასკვენით, რომ The Cliff-ის უმოძრაო ოპტიკური და ახლო ინფრაწითელი კონტინუუმი მასიური და უკიდურესად მაღალი ვარსკვლავური სიმკვრივის პოპულაციისგან ვერ წარმოიქმნება", — აღნიშნა ანა დე გრააფმა, რომელიც მაქს პლანკის ინსტიტუტის ასტროფიზიკოსია.
გრააფმა და კვლევის სხვა ავტორებმა დასძინეს, რომ ამ ყველაფრის ასახსნელად იონიზირებული მანათობელი წყაროა საჭირო, რომელიც მახლობლად არსებული მკვრივი, შთამნთქმელი აირის გამოა გაწითლებული. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ამ მოვლენის წარმოქმნა (ბალმერის ნახტომის) მხოლოდ შავ ხვრელ ვარსკვლავს შეუძლია.
ბალმერის ნახტომი კოსმოსური ობიექტის სინათლის სპექტრის მკვეთრი ცვლილებაა, რომელიც სპექტრის ინფრაწითელ ნაწილში ხდება. ეს მახასიათებელი წყალბადის ატომების მიერ მოკლე ტალღის სიგრძის სინათლის შთანთქმით წარმოიქმნება.
ძლიერი ბალმერის ნახტომი ისეთ გალაქტიკებთანაა დაკავშირებული, რომლებშიც A-ტიპის ვარსკვლავები დომინირებს. საქმე იმაშია, რომ ასეთი ძლიერი ბალმერის ნახტომის წარმოსაქმნელად, გალაქტიკები საკმაოდ ძველი უნდა იყოს და შედეგად მათში A-ტიპის ვარსკვლავებს ვხედავდეთ.
LRD-ში ხშირად შეინიშნება ბალმერის ნახტომი, რომელიც დიდი აფეთქებიდან 600 მილიონი წლის შემდეგ გაჩნდა. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ სამყაროს ამ ეტაპისთვის ისეთი გალაქტიკები ვერ ჩამოყალიბდებოდა, რომლებშიც A-ტიპის ვარსკვლავების პოპულაცია დომინანტური იქნებოდა.
სწორედ ამის გამო, მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რათა გაეგოთ, თუ რა არის ეს პატარა წითელი წერტილები.
ბალმერის ნახტომი
ფოტო: A&A
საუბარია სინათლეზე, რომელმაც ჩვენამდე მოსაღწევად 11.9 მილიარდი წელი იარა.
"The Cliff-ის ექსტრემალურმა მახასიათებლებმა სრულიად ახალი მოდელების შექმნისკენ გვიბიძგა", — განმარტა დე გრააფმა.
ამჟამად, გალაქტიკები ერთადერთი ობიექტები არაა, რომლებიც ბალმერის ნახტომთან ასოცირდება. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ იგივე ეფექტის წარმოქმნა ინდივიდუალურ ვარსკვლავებსაც შეუძლია. ახალი კვლევის შედეგები სწორედ ამაზე მიანიშნებს.
ამ მახასიათებლების გათვალისწინებით, მკვლევრებმა შეიმუშავეს მოდელი, რომელსაც შავი ხვრელი ვარსკვლავი უწოდეს — ზემასიური შავი ხვრელი, რომელიც აკრეციული დისკოსგან აქტიურად იკვებება. ასეთი ობიექტი გაწითლებულია არა მტვრით, არამედ წყალბადის აირის სქელი გარსით.
ეს სტრუქტურა ცხელ პლაზმაში გახვეულ ვარსკვლავს ჰგავს, მაგრამ ცენტრში ბირთვის ნაცვლად, შავი ხვრელია.
ფოტო: Müller/A. de Graaff
ეს ჯერ მხოლოდ მოდელია, მაგრამ მან ის სპექტრი გაიმეორა, რასაც The Cligg-ში ვხედავთ. შესაბამისად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მსგავსი წითელი წერტილები შავი ხვრელებია, რომლებიც თავს გალაქტიკებად ნიღბავენ.
ამ ეტაპზე საქმე თეორიასთან გვაქვს, მაგრამ ასტროფიზიკოსები კვლევების გაგრძელებას გეგმავენ.
კვლევა ჟურნალ Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები