მალე "კოსმოსის მიჯნაზე" სადილობა იქნება შესაძლებელი — რა ეღირება
კერძო კომპანიები SpaceVIP და Space Perspective მალე ერთობლივი ძალებით კოსმოსური ტურისტობის მსურველებს უნიკალურ გამოცდილებას შესთავაზებენ. ისინი გეგმავენ, რომ 2025 წლისთვის ადამიანები "კოსმოსის მიჯნაზე", სტრატოსფეროში, გაუშვან, სადაც ისინი ულამაზესი ხედის ფონზე სადილობას შეძლებენ.
იქ მათ სპეციალური კოსმოსური ბურთით გაუშვებენ, სტრატოსფერომდე მიღწევის შემდე კი ამ ადამიანებს დანიელი შეფმზარეული, რასმუს მუნკი, საკუთარ სპეციალურ მენიუს შესთავაზებს. ის რესტორან Alchemist-ის მფლობელია, რომელსაც მიშლენის ორი ვარსკვლავი აქვს მინიჭებული. მუნკს სურს, მისი მენიუ ისეთივე განსაკუთრებული იყოს, როგორიც ეს მოგზაურობა.
აღსანიშნავია, რომ Space Perspective-ის კოსმოსური ბურთი Neptune ტესტირების ფაზაში მომდევნო თვეში შევა, ხოლო მისი პირველი მისია 2025 წლამდე შედგება. ხომალდი 6 ადამიანს დაიტევს და დაახლოებით 30 კილომეტრ სიმაღლეზე ავა, კოსმოსის რეალური მიჯნა კი, რომელსაც კარმანის ხაზი ეწოდება, 100 კილომეტრზეა.
ამის მიუხედავად, კოსმოსურ ტურისტებს საშუალება ექნებათ, იქიდან მზის ამოსვლას დააკვირდნენ, რაც დედამიწის მრუდის ფონზე გამოჩნდება. ხომალდზე უსადენო ინტერნეტიც იქნება, ასე რომ ამ გასაოცარი კადრების გაზიარებას ხმელეთზე მყოფი ადამიანებისთვისაც შეძლებენ.
მაინც რა დაჯდება ეს ყველაფერი? როგორც ცნობილია, სტრატოსფეროში გამგზავრება და შეფ მუნკის კერძების გასინჯვა დაახლოებით 500 000 აშშ დოლარი ეღირება. თავად რესტორან Alchemist-ში სასინჯი მენიუ თითქმის 460 აშშ დოლარი ღირს.
მართალია, ასეთი კომპანიები ხშირად აცხადებენ, რომ კოსმოსური ტურიზმი ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, მაგრამ, მაგალითად, Virgin Galactic-ის ხომალდით მოგზაურობა 450 000 აშშ დოლარამდე ჯდება. შესაბამისად, ამ შესაძლებლობას ჯერჯერობით მხოლოდ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები იყენებენ.
სხვადასხვა კომპანიის კოსმოსური ბურთი შედარებით ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და გარემოსთვის ნაკლებად საზიანოა. Space Perspective-ის Neptune-ის ბილეთი, სადილობის გარეშე, დაახლოებით 125 000 აშშ დოლარი ეღირება, მაგრამ ამგვარ აპარატებში ადამიანები უწონადობას ვერ განიცდიან, რადგან საკმარისად მაღლა არ ავლენ.
კომენტარები