ისტორიაში პირველად, ქალი ჰოლოგრამაზე დაქორწინებას აპირებს
ესპანელი ალისია ფრემისი, თანამედროვე ხელოვანი, არც მეტი, არც ნაკლები, ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ გენერირებულ ჰოლოგრამაზე AILex დაქორწინებას აპირებს. ეს მისი პროექტის, სახელად "ჰიბრიდული წყვილი", ნაწილია.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ მსოფლიოში ადამიანებს AI "შეყვარებულები" უკვე ჰყავთ. ამაში ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჩატბოტები იგულისხმება, რომლებთანაც მათ თითქმის ისეთივე კომუნიკაცია აქვთ, როგორც ნამდვილ პარტნიორებთან, თუმცა, რა თქმა უნდა, ვირტუალური.
ალისია ფრემისის გეგმები ამაზე ბევრად სერიოზულია, რადგან მისი "საქმრო" ჰოლოგრამის სახითაა წარმოდგენილი, მათი ქორწინება კი პრეცედენტული იქნება. მსგავსი ჰოლოგრამების შეხება შეუძლებელია, მაგრამ მეცნიერებმა ისეთი ვერსიაც შექმნეს, რომელიც შეხების სიმულირებას ჰაერის ნაკადის მეშვეობით ახერხებს.
"ეს ადამიანსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის რომანტიკული ურთიერთობაა. ვიცით, რომ შესაძლოა, მალე რობოტები ადამიანთა სექსუალურ პარტნიორებადაც იქცნენ, ფრემისს კი მიაჩნია, რომ მომდევნო მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენსა და AI-ის შორის ემოციური კავშირის დამყარებაა. ჰოლოგრამები მის ემოციებთან უფრო ახლოსაა, ვიდრე რობოტები", — წერია ხელოვანის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბლოგპოსტში.
ექსპერტები ამბობენ, რომ ასეთი ურთიერთობები შესაძლოა, ზოგიერთი ადამიანისთვის კომფორტული იყოს, მაგრამ, არაა გამორიცხული, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული უარყოფითი სტერეოტიპები გაამწვავოს. შესაბამისად, ისინი საზოგადოებას მსგავსი საკითხებისადმი სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ.
ეს რისკის შემცველია პირადი მონაცემების უსაფრთხოების მხრივაც. კერძოდ, ჩატბოტებს მომხმარებლები ხშირად საკმაოდ პირადულ ინფორმაციას უზიარებენ, რომელმაც შესაძლოა, სისტემიდან გაჟონოს.
რაც შეეხება ალისია ფრემისს, ის პერფორმანსების ფარგლებში მარტოობისა და ინტიმურობის თემატიკას 25 წელია, იკვლევს. 1995 წელს მისი პარტნიორი მანეკენი თოჯინა იყო, ახლა კი ის თანამედროვე ტექნოლოგიის ერთგვარ გამოცდაზე გადაერთო.
"მინდა, ჩემთვის, როგორც ხელოვანისთვის, ჰოლოგრამასთან ურთიერთობის ჩამოყალიბების შემოქმედებითი გზა ვაჩვენო და მის განვითარებას დავაკვირდე.
წარმოიდგინეთ, გყავდეთ პარტნიორი, რომელიც მუდამ გვერდით გეგულებათ. ესაა ურთიერთობა, რომელიც ქალაქებში მარტოობას დაამარცხებს", — წერია ბლოგპოსტში.
ამ ჰიბრიდული წყვილის ქორწილი ქალაქ როტერდამში, 2024 წლის ზაფხულშია, დაგეგმილი.
კომენტარები