რატომ პატარავდება ჩვენი სხეული სიბერეში — მიზეზები
ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ ხანდაზმულ ასაკში ადამიანთა სიმაღლე მცირდება. გიფიქრიათ, რატომ ხდება ასე? ამას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, რომლებზეც ქვემოთ მოგიყვებით.
დაპატარავებას ხშირად ხერხემლის პრობლემები იწვევს. მაგალითად, როცა სხეულის ზედა ნაწილში მისი მრუდი იზრდება, რასაც კიფოზი ეწოდება. ეს იმიტომ ხდება, რომ ორგანიზმში არსებული კუნთების ბოჭკოები წლების მატების პარალელურად უწინდელ ფორმას ვეღარ ინარჩუნებს, ამიტომ ხერხემლის დამხმარე კუნთები სუსტდება.
შედეგად, გრავიტაციას ისე ვეღარ ვეწინააღმდეგებით და წელში ბოლომდე გასწორება გვიჭირს. ამის თავიდან ასაცილებლად სპეციალისტები ფიზიკურ აქტიურობას გვირჩევენ. ვარჯიში არა მხოლოდ კიფოზის რისკის შემცირებაში, არამედ უკვე ხანდაზმულობაში მდგომარეობის გამოსასწორებლადაც რეკომენდებულია.
სხვა მიზეზი, რომლის გამოც ჩვენი სხეული პატარავდება, ძვლების სიმკვრივის დაკარგვაა. ამას საფუძვლად სასქესო ჰორმონების, ესტროგენისა და ტესტოსტერონის, ასაკობრივი შემცირება ედება. ხშირად აღნიშნულ პროცესს D ვიტამინის ნაკლებობა და თირკმლის მიერ ნაკლები კალციუმის შთანთქმა აჩქარებს და შესაძლოა, ოსტეოპოროზიც განაპირობოს, რაც ძვლის დაავადებაა.
როცა ადამიანის ძვლები სუსტდება და უფრო ფოროვანი სტრუქტურის ხდება, ხერხემალი ორგანიზმის წონას ვეღარ უძლებს და ზიანდება. როგორც წესი, მსგავს დაზიანებებს ტკივილი არ ახლავს თან, ამიტომ ის შეუმჩნეველი რჩება, ხერხემალი კი ნელ-ნელა უფრო და უფრო მჭიდროვდება.
ეს ხშირად ხერხემლის დისკების ცვლილებას იწვევს. ისინი 30-40 წლის ასაკიდან გამოშრობას იწყებს და წყალთან ერთად სიმტკიცესაც კარგავს. მათი რაოდენობა სულ 23-ია, ამიტომ თუნდაც ზოგიერთ მათგანში მიმდინარე ამგვარი პროცესები სიმაღლის რამდენიმე მილიმეტრით შემცირებას განაპირობებს.
ამ ყველაფრისგან თავის დასაცავად კარგია რეგულარული ვარჯიში, რადგან ის სხეულს ტონუსში ამყოფებს, კუნთებს მასას უნარჩუნებს და ძვლების სიმყარეს უზრუნველყოფს. ასევე, რეკომენდებულია D ვიტამინითა და კალციუმით მდიდარი საკვების მიღება, მაგრამ, პირველ რიგში, კონსულტაცია ექიმთან უნდა გაიაროთ.
კომენტარები