უზარმაზარი საინვესტიციო ფირმა Fidelity-ს გაანგარიშებით, X-ის (ყოფილი Twitter-ის) მათივე მფლობელობაში არსებული წილების ღირებულება 71.5%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც პლატფორმა ილონ მასკმა შეიძინა 2022 წლის ოქტომბერში.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, X-ის ღირებულება გასული წლის განმავლობაში მუდმივად მცირდებოდა. ეს არაერთმა კრიზისმა განაპირობა, რომელთა უმრავლესობაც კომპანიის მფლობელმა, ილონ მასკმა, გამოიწვია.

მასკმა ტვიტერი $44 მილიარდად შეიძინა, თუმცა, Fidelity-ს გაანგარიშებით, მისი ღირებულება ამჟამად $12.5 მილიარდია.

///

Fidelity-ს შეფასებით, მათი X-ის მფლობელობაში არსებული წილები დაახლოებით $5.6 მილიონს უდრის. ეს ფირმის $49 მილიარდიანი ფონდის 0.01%-საც არ შეადგენს. იმ პერიოდში, როდესაც მასკი Twitter-ის შეძენას ასრულებდა, წილების ღირებულება $19.66 მილიონი იყო. ფასი 14.5%-ით შემცირდა გასულ აპრილთან შედარებით, როდესაც მაჩვენებელი $6.55 მილიონს უდრიდა.

Fidelity-მ გასულ ზაფხულს, როდესაც X-ის აღმასრულებელი დირექტორი ლინდა იაკარინო გახდა, პლატფორმის ღირებულება რამდენჯერმე მცირედით გაზარდა. მიუხედავად ამისა, ამ დროიდან დღემდე ფირმა X-ის წილების ფასის შემცირებას განაგრძობს.

ასევე იხილეთ: Twitter-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს — ვინ არის ლინდა იაკარინო

X კერძო კომპანიაა, ამიტომ Fidelity-ს გაანგარიშებები საკმაოდ კარგი ინდიკატორია იმისა, თუ რამდენად წარმატებულია პლატფორმის საქმიანობა. ეს მასკის ინვესტორთა დამოკიდებულებებსაც თვალნათლივ ასახავს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.