კანალიზაციიდან ონკანებამდე — კალიფორნიაში სურთ, გამდინარე წყალი სასმელად ვარგისად აქციონ
აშშ-ის კალიფორნიის შტატში ისეთი რეგულაციის მიღებას აპირებენ, რომელიც ახალი გამფილტრავი სისტემის დანერგვას გახდის შესაძლებელს. კერძოდ, მათ სურთ, გამდინარე წყალი სასმელად ვარგისად აქციონ.
ეს რეგულაცია კალიფორნიის შტატის წყლის რესურსების მაკონტროლებელმა საბჭომ მიმდინარე კვირაში უნდა დაამტკიცოს. შედეგად საფუძველი დაედება თანამედროვე გამფილტრავი ნაგებობების აშენებას, სადაც კანალიზაციაში გამავალი სითხე სათანადოდ გაიწმინდება, გადამუშავდება და სასმელად გამოსადეგი გახდება.
"ჩვენ ვქმნით მომარაგების ახალ წყაროს, რომელსაც აქამდე ვღვრიდით ან ნარჩენად მივიჩნევდით. იქიდან გამომდინარე, რომ ვცდილობთ, ჩვენი დასახლებები გვალვისა და კლიმატის ცვლილების მიმართ გამძლე გავხადოთ, ეს პრობლემის გადაჭრის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება", — აცხადებენ სპეციალისტები.
ძველ ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ შტატში არსებული გამდინარე წყლები გაიწმინდებოდა და ოკეანეებში ან მდინარეებში ჩაიღვრებოდა. ამის მიუხედავად, ახალი სისტემით მეტი სარგებლის მიღებაა შესაძლებელი, რადგან წყლის ნაწილი უკეთ გაიფილტრება და მოსახლეობა დასალევად მის გამოყენებას შეძლებს. ეს კალიფორნიას გლობალური დათბობის შედეგებთან უკეთ გამკლავებაში დაეხმარება, რადგან მომავალში ამ რეგიონში ძლიერ გვალვებს პროგნოზირებენ.
///
აღსანიშნავია, რომ ასეთი გამფილტრავი სისტემები უკვე გამოიყენება. მაგალითად, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში, სადაც ასტრონავტების ოფლი და განავალი იწმინდება, რათა სასმელი წყალი მიიღონ. გაეროს მონაცემებით, სხვადასხვა დანიშნულებისთვის წყლის ამგვარ გადამუშავებას მიმართავს რამდენიმე ქვეყანა და დასახლება, ხოლო მათი რაოდენობა ნელ-ნელა იზრდება.
ამერიკის შეერთებული შტატები ამ გზას წყლის კრიზისთან გასამკლავებლად მიმართავს, რომელიც მომავალშია მოსალოდნელი. ასეა თუ ისე, ზემოხსენებული სისტემის დანერგვას გარკვეული დრო დასჭირდება, ამიტომ კალიფორნიელები მსგავსი წყლით უახლოეს მომავალში ვერ ისარგებლებენ.
კომენტარები