ნახეთ: ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა
რამდენიმე კვირის განმავლობაში მომხდარი მიწისძვრების შემდეგ ისლანდიაში 18 დეკემბერს ვულკანი ამოიფრქვა. ეს სუდურნესის ნახევარკუნძულზე მოხდა, სადაც ვულკანი ფაგრადალსფიალი მდებარეობს.
პირველადი ინფორმაცია ისლანდიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა გაავრცელა, რომელიც ამ მოვლენას დიდი ხნით ადრე პროგნოზირებდა. ვულკანთან ახლოს მდებარე ქალაქ გრინდავიკის 4000-იანი მოსახლეობა უკვე ევაკუირებულია. დახურულია პოპულარული გეოთერმული სპა "ცისფერი ლაგუნაც".
"ვულკანის ამოფრქვევა დაიწყო. ის ვებკამერებშიც ჩანს და ქალაქიდან დაახლოებით 3 კილომეტრით ჩრდილოეთით, ჰეგაფელის მთასთან ახლოს, შეინიშნება.
ამოფრქვევა ადგილობრივი დროით 22:17 საათზე დაიწყო, რასაც წინ მიწისძვრები უძღოდა, რომლებიც დაახლოებით 21:00 საათიდან ფიქსირდებოდა", — აცხადებენ ისლანდიის მეტეოროლოგიურ სამსახურში.
///
უჩვეულო სეისმური აქტიურობა ამ რეგიონში ჯერ კიდევ ოქტომბერში შეინიშნებოდა. სპეციალისტებმა მალევე დაასკვნეს, რომ ეს მოსალოდნელ ვულკანურ ამოფრქვევაზე მიანიშნებდა. ამის გამო 10 ნოემბერს გრინდავიკში მცხოვრები ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა.
12-15 დეკემბერს ზემოხსენებულ არეალში 460 მიწისძვრა მოხდა, საბოლოოდ კი, 18 დეკემბერს, ვულკანი ამოიფრქვა. ამას ხელი მაგმის რამდენიმეკილომეტრიანმა მიწისქვეშა მდინარემ შეუწყო, რომელმაც ზედაპირისკენ გადაინაცვლა და ამოხეთქა. სწორედ ამ პროცესებმა განაპირობა სეისმური ბიძგები და დიდი ზომის ნაპრალების გაჩენა.
აღსანიშნავია, რომ ისლანდია გეოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური რეგიონია და იქ 30-მდე ვულკანია. იქ ახლა ვულკანური აქტიურობის 1000-წლიანი ციკლის პერიოდია, რაც ნიშნავს, რომ მომავალში სხვა ამოფრქვევებიც მოსალოდნელია.
იხილეთ პირდაპირი ტრანსლაცია ვულკანის მიმდებარე არეალიდან:
კომენტარები