Google Chrome-ში უსაფრთხოების პრობლემა გაჩნდა — როგორ დავიცვათ თავი
ახლახან Google Chrome-ზე უსაფრთხოების მოკლევადიანმა პრობლემებმა იჩინა თავი. ამის გამოსწორების მიზნით ბრაუზერის ახალი ვერსია უკვე ხელმისაწვდომია Mac-ზე, Linux-სა და Windows-ზე ზოგიერთი მომხმარებლისთვის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, Google Chrome დაუყოვნებლივ განაახლოთ. ასე მონაცემების მოპარვისა თუ სხვა სახის კიბერთავდასხმებისგან დაიცავთ თავს.
Google-მა 28 ნოემბერს დაადასტურა, რომ საფრთხე არსებობდა და მას პრობლემა, სახელად CVE-2023-6345, იწვევდა. ეს ხარვეზი 24 ნოემბერს შენიშნეს Google-ის საფრთხეების ანალიზის ჯგუფის (TAG) მკვლევრებმა.
CVE-2023-6345-ის შესახებ გუგლს საზოგადოებისთვის ჯერ ბევრი დეტალი არ გაუმჟღავნებია. ეს ნორმალურია, სანამ პრობლემა თითქმის სრულად არ მოგვარდება — შესაძლოა, დეტალური ინფორმაცია ამ დროს თავდამსხმელებს დაეხმაროს, Chrome-ის დაუცველ მომხმარებლებს მისწვდნენ. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ხანი არსებობდა ხარვეზი მის გამოვლენამდე.
გუგლს თუ დავუჯერებთ, CVE-2023-6345-მა მინიმუმ ერთ თავდამსხმელს მაინც მისცა საშუალება, "საზიანო ფაილის მეშვეობით სენდბოქსისთვის თავი აერიდებინა". ეს ქმედება შეიძლება იმისთვის იქნას გამოყენებული, რომ სისტემები მავნე კოდით დააინფიცირონ და მომხმარებლის სენსიტიური მონაცემები მოიპარონ.
თუკი თქვენი Google Chrome ავტომატურად ახლდება ხოლმე, მაშინ არაფრის გაკეთება არ მოგიწევთ. სხვა შემთხვევაში უმჯობესია, უახლესი ვერსია საკუთარი ხელით დააყენოთ — Mac-ისა და Linux-ისთვის 119.0.6045.199 ვერსია, ხოლო Windows-ისთვის კი 119.0.6045.199/.200.
ეს თავად Google Chrome-ის პარამეტრებიდან (settings) შეგიძლიათ გააკეთოთ, About Chrome ველიდან. ასე რისკებს შეძლებისდაგვარად აირიდებთ თავიდან.
Google-ის განცხადებით, პრობლემა თანდათანობით მოგვარდება "მომდევნო დღეებში/კვირებში". შესაბამისად, შესაძლოა, განახლება ჯერ ყველასთვის არ იყოს ხელმისაწვდომი.
ამასობაში, თუ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები გაინტერესებთ და ციფრულ სამყაროში თავის უკეთ დაცვა გსურთ, ამ ბმულზე ჩვენს სხვა სტატიებსაც გაეცნობით.
კომენტარები