სტიკერები თქვენი ფოტოებიდან — Instagram ახალ, სახალისო, ფუნქციას ტესტავს
სოციალური ქსელი Instagram ახალ ფუნქციას ტესტავს, რომელიც ჩვენსავე ფოტოებიდან სტიკერების შექმნის საშუალებას მოგცემს. ასევე, შეგვეძლება, რომ ისინი Reels-ებსა და Story-ებში გამოვიყენოთ, რაც ძალიან სახალისო იქნება.
აღსანიშნავია, რომ კომპანია Meta ბოლო დროს ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ სტიკერებზე გადაერთო, თუმცა ზემოხსენებული სიახლე უფრო მარტივ მეთოდს გვთავაზობს.
მსგავსი ფუნქციის გამოსაყენებლად სასურველ სურათზე ობიექტი უნდა აარჩიოთ, შემდეგ კი მისი ფონი გააქროთ. დარჩენილი გამოსახულება სტიკერის სახით Reels-ებისა და Story-ების შიგთავსს ზემოდან ჩვეულებრივ დაედება.
ამის მაგალითი შეგიძლიათ, ქვედა ფოტოზე იხილოთ:
აღნიშნული პროცესის დემონსტრაცია Instagram-ის ხელმძღვანელმა, ადამ მოსერიმ, სპეციალურ სატრანსლაციო არხზე ვიდეოს სახით შემოგვთავაზა. მისი თქმით, საკუთარი სურათების გარდა, სხვისი ფოტოების გამოყენებასაც შევძლებთ, რომლებიც საჯაროდაა ხელმისაწვდომი. ამის შესახებ მას სხვა დეტალები არ გაუზიარებია.
ამ ფუნქციით სარგებლობა მომხმარებლებს ჯერჯერობით არ შეუძლიათ, რადგან ჯერ კიდევ ტესტირების ეტაპზეა. ის, სავარაუდოდ, აპლიკაციაში, საცდელ რეჟიმში, მალე გამოჩნდება და ახალი სტიკერების შექმნის საშუალებას მოგვცემს.
კომენტარები