ობობას შხამი, შესაძლოა, გაუმჯობესებული სექსუალური ცხოვრების გასაღებიც იყოს.

მკვლევრები ბრაზილიური მოხეტიალე ობობას შხამს სწავლობენ. მათ შხამისგან გელი დაამზადეს, რომელიც ერექციული დისფუნქციის სამკურნალო საშუალებაა. გელი ადამიანებზე უკვე გამოცადეს.

ბრაზილიაში მცხოვრები ობობა, იგივე ბანანის ობობა ცნობილია თავისი შხამით. მისმა ნაკბენმა შეიძლება ადამიანი მოკლას კიდევაც.

თუმცა, ნაკბენმა გახანგრძლივებული ერექციაც შეიძლება გამოიწვიოს. სწორედ ამ ფენომენით დაინტერესდნენ მკვლევრები, რომლებიც ერექციული დისფუნქციის მკურნალობას ცდილობენ. ისინი 10 წელზე მეტია სწავლობენ შხამს და აი ახლა, გამოსავლის პოვნასთან ახლოს არიან.

პროფესორ მარია ელენა დე ლიმას ხელმძღვანელობით, მინას გერაისის ფედერალური უნივერსიტეტის (UFMG) მკვლევრებმა ობობას შხამი კომპლექსურად შეისწავლეს. მათ სინთეზური მოლეკულა BZ371A შექმნეს.

BZ371A

ბრაზილიის ჯანმრთელობის მარეგულირებელმა სააგენტომ (Anvisa) BZ371A-ს ფაზა 1 კლინიკურ კვლევებზე ნებართვა გასცა. კვლევებმა აჩვენა, რომ ნაერთი არატოქსიკურია ადამიანებისთვის, რაც მნიშვნელოვანია წამლის შემუშავებისთვის.

დადგინდა, რომ BZ371A სისხლის მიმოქცევას ზრდის, რაც ერექციას აუმჯობესებს. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ეს იმ პაციენტებს გამოადგებათ, რომლებიც Viagra-სა და Cialis-ს უკუჩვენებების გამო ვერ იყენებენ.

"ტესტირებამ აჩვენა, რომ გელი ეფექტურია და ყველანაირი ტოქსიკურობის გარეშე მოქმედებს", — თქვა მარია ელენა დე ლიმამ, BZ371A-ს ერთ-ერთმა შემქმნელმა და ფედერალური უნივერსიტეტის პროფესორმა.

მკვლევრების თქმით, BZ371A-ს გამოყენება ქალებსაც შეეძლებათ და ისინი ამისთვისაც მუშაობენ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.