მოუსმინეთ: როგორ ჟღერდა აცტეკების სიკვდილის სასტვენი — "ყველაზე საშიში ხმა მსოფლიოში"
აცტეკების კულტურა ბევრი რამითაა საინტერესო. მაგალითად, 1990-იან წლებში არქეოლოგებმა მექსიკაში, მათ საცხოვრებელ ტერიტორიაზე წარმოებული გათხრებისას დღემდე კარგად შემონახული სასტვენი აღმოაჩინეს, რომელსაც შესაძლოა, ისინი ადამიანთა მსხვერპლშეწირვისას იყენებდნენ.
ახლახან სპეციალისტებმა სამგანზომილებიანი პრინტერის მეშვეობით ამ "სიკვდილის სასტვენის" ასლი დაბეჭდეს. მას თავის ქალის ფორმა აქვს და ჩაბერვისას ადამიანის განწირული კივილის მსგავს საშინელ ხმას გამოსცემს.
YouTube-ზე The Action Lab-ად წოდებულმა არხმა საზოგადოებას ახლახან სწორედ ზემოხსენებული სასტვენის შესახებ გაუზიარა ვიდეო. მასში 3D ტექნოლოგიით დაბეჭდილი ინსტრუმენტია ნაჩვენები. ასევე, ჩაწერილია შემაძრწუნებელი ჟღერადობა, რომელიც მას ჩაბერვისას აქვს.
ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, აცტეკები სიკვდილის სასტვენს ქარის ღვთაება ეეკატლისთვის ადამიანთა მსხვერპლად შეწირვის რიტუალისას იყენებდნენ. სხვა ჰიპოთეზის მიხედვით, სასტვენის ჟღერადობა მსხვერპლების მიერ გამოცემული ხმის გადასაფარად ან ბოროტი სულების შესაშინებლად იყო მიმართული. აქედან რომელი შეესაბამება სიმართლეს, ჯერჯერობით უცნობია.
"ეს მსოფლიოში ყველაზე საშიშ ხმად მიიჩნევა. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ეს ადამიანის კივილი არაა. ხმა, რომელსაც სიკვდილის სასტვენი გამოსცემს, გულს შიშით ავსებს", — ამბობს The Action Lab-ის მფლობელი, ჯეიმს ორგილი ვიდეოში.
მისი თქმით, სასტვენის ფორმა ადამიანის ხორხის ფორმას იმეორებს. მასში ჩაბერვისას ჰაერი ორ ნაკადად იყოფა და წარმოქმნის ბგერით ტალღებს, რომლებიც მეორე ბოლოდან გამოდის. სხვადასხვა სასტვენს ერთმანეთისგან ოდნავ განსხვავებული ჟღერადობა აქვს, რაც მათ ზომასა და ისეთ ფაქტორებზეა დამოკიდებული, როგორიც პირის განლაგებაა.
"რატომღაც, ეს ხმა კივილს მაშინ უფრო ჰგავს, როცა არ უყურებ, როგორ უბერავს სასტვენში ადამიანი, რადგან, ალბათ, ჩვენმა ტვინმა იცის, რომ ეს სასტვენია.", — ამბობს ორგილი.
კომენტარები