რა თქვა NASA-მ UAP-ისთვისთვის მიძღვნილ ბრიფინგზე — მოკლედ
14 სექტემბერს, თბილისის დროით 18 საათზე, NASA-ს კონფერენცია დაიწყო. მოხსენების მიზანი ამოუცნობი მფრინავი ობიექტების (UFO), იგივე ამოუცნობი ანომალიური ფენომენის (UAP) შესახებ საზოგადოების ინფორმირება უნდა ყოფილიყო.
და აი ახლა, NASA-ს მიერ შექმნილმა სპეციალურმა ჯგუფმა თავისი მოხსენება გამოაქვეყნა. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ არამიწიერი ცივილიზაციის ნიშნები ვერ აღმოაჩინეს. მიუხედავად ამისა, NASA-ს ადმინისტრატორმა საუბრის დასაწყისში თქვა, რომ კოსმოსური სააგენტო ამოუცნობი ობიექტების საკითხს ძალიან სერიოზულად უყურებს.
NASA-მ ექსპერტების დამოუკიდებელი ჯგუფი 2022 წელს შექმნა და მას შემდეგ ისინი UAP-ისა და UFO-ს თემატიკას სწავლობდნენ.
"კვლევიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ კიდევ ბევრი რამ არის გასარკვევი. NASA-ს დამოუკიდებელმა კვლევითმა ჯგუფმა ვერ მიაგნო კონკრეტულ მტკიცებულებებს. ვერ ვამბობთ, რომ UAP-ის არამიწიერი წარმოშობა აქვს. და მაინც, ხშირ შემთხვევაში ჩვენ არც ის ვიცით, რა არის ეს UAP", — თქვა NASA-ს ადმინისტრატორმა, ბილ ნელსონმა.
NASA-ში აღნიშნეს, რომ კვლევებს გააგრძელებენ და ამისთვის სხვა კოსმოსურ სააგენტოებთან თანამშრომლობასაც გეგმავენ.
UAP-ის შემსწავლელი გუნდის მოხსენებაში აღნიშნული იყო, რომ მათ სატელიტების მიერ გადაღებული კადრები სჭირდებათ და ამ მხრივ NASA-ს დახმარება სთხოვეს.
ექსპერტებმა ასევე სტიგმისა და ტაბუების საკითხიც ახსენეს. მათი თქმით, ხშირად UAP-ისა და UFO-ს თემატიკის განხილვა ფსევდომეცნიერებად ითვლება, რაც შესაბამის კვლევებს აზიანებს.
"NASA-ს ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება UAP-ის მოხსენებასთან დაკავშირებული სტიგმის შემცირებაში. ეს სწორედ ის ფაქტორია, რაც ხელს გვიშლის", — ნათქვამია მოხსენებაში.
რაც ასევე საინტერესო იყო, ბილ ნელსონმა ხელოვნური ინტელექტის ფაქტორზეც ისაუბრა. მისი თქმით, ეს ის ინსტრუმენტია, რომელსაც სააგენტო აუცილებლად გამოიყენებს, რათა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესწავლა და დაკვირვება მოხდეს.
კონფერენციაზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მექსიკაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშრებით დასვა შეკითხვა. შეგახსენებთ, რომ დღეს მექსიკელი კანონმდებლები მოხსენების მომსწრენი გახდნენ, რის მიხედვითაც "ჩვენ მარტონი არ ვართ". როგორც წარმდგენებმა აღნიშნეს, საქმე "არამიწიერ ნარჩენებს" ეხება. ეს მექსიკაში კონგრესის პირველი ღონისძიება იყო, რომელზეც უცხოპლანეტელების შესახებ ისაუბრეს.
ასევე: მექსიკის კონგრესი UFO მოსმენას "უცხოპლანეტელების" სავარაუდო ნეშტების თანხლებით ატარებს — რა ხდება
NASA-ს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ კონკრეტულ შემთხვევაზე ინფორმაცია ნაკლებად აქვთ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს მსგავსი თემატიკა სულ უფრო აქტუალური გახდა. 28 ივლისს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების, საზღვრისა და საგარეო საქმეთა პალატის ზედამხედველობის ქვეკომიტეტმა UFO-ს საკითხი სერიოზულად განიხილა. მოხსენებაზე სამი მოწმე დაკითხეს.
საჰაერო ძალების ყოფილმა მაიორმა, დევიდ გრუშმა თქვა, რომ აშშ-ის სამხედროებს დიდი ხანია ჩამოვარდნილი UAP-ის ნაშთები აქვთ. მეტიც, გრუშს მიაჩნია, რომ მთავრობა არამიწიერ სიცოცხლეზე ინფორმაციას 1930-იანი წლებიდან ფლობს.
ასევე: კონგრესი UFO-ზე — რა ვიცით და რა არ ვიცით
ამასთან, თვის დასაწყისში გავიგეთ, რომ პენტაგონმა UFO-სთან დაკავშირებით ახალი ვებსაიტი შექმნა. ის უშუალოდ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების (UFO) შესახებ იქნება. ვებსაიტის მიზანი UFO-ს შესახებ საზოგადოების მეტად ინფორმირებაა.
ასევე: პენტაგონმა UFO-სთან დაკავშირებით ახალი ვებსაიტი შექმნა
კონფერენციის ნახვა შეგიძლიათ ქვემოთ:
კომენტარები