Virgin Galactic-მა ახლახან კოსმოსში ჰომინინების ნამარხები გაგზავნა
კომპანია Virgin Galactic-მა 8 სექტემბერს რიგით მესამე კომერციული სუბორბიტული ფრენა შეასრულა. ხომალდმა VSS Unity მისიის ფარგლებში 3 კერძო ასტრონავტი ამოგზაურა. ასევე, ცნობილი გახდა, რომ ამ ადამიანებთან ერთად ჩვენი პლანეტის ორბიტაზე ჰომინინების ნამარხებიც გაუშვეს.
"ავსტრალოპითეკი სედიბა და Homo naledi კოსმოსში მოგზაური ყველაზე ხნიერი ასტრონავტები გახდნენ. მათ Virgin Galactic-ის კოსმოსური ხომალდით VSS Unity იფრინეს", — აცხადებენ სამხრეთ აფრიკის ვიტვატერსრანდის უნივერსიტეტში, რომელმაც კომპანიასთან ითანამშრომლა.
VSS Unity ნიუ მეხიკოში მდებარე კოსმოდრომიდან "ამერიკა" თბილისის დროით 18:34 საათზე აფრინდა და საკმარისი სიმაღლის მიღწევისას გამყვან აპარატ VMS Eve-ს გამოეყო. მან 88.6 კილომეტრ სიმაღლემდე ააღწია და გაშვებიდან დაახლოებით 1 საათში ხმელეთზე დაბრუნდა.
მისია Galactic 03-ში მონაწილე კერძო პირები არიან: უძრავი ქონების მეწარმე კენ ბაქსტერი, ასევე მეწარმე ტიმოთი ნეში და ბრიტანელი ინჟინერი ადრიან რეინარდი. მათთან ერთად ბორტზე კიდევ კიდევ 3 ასტრონავტი იმყოფებოდა: ნიკოლა პესილემ მეთაურის ფუნქცია შეითავსა, მაიკლ მასუჩიმ პილოტის, ბეთ მოსესმა კი — უფროსი ინსტრუქტორის. როგორც ცნობილია, კენ ბაქსტერმა ამ ფრენისთვის ბილეთი ჯერ კიდევ 2004 წელს შეიძინა.
რაც შეეხება ნამარხებს, კოსმოსში მათი გაგზავნა ამ მისიას ისტორიულს ხდის, რადგან მსგავსი რამ აქამდე არ მომხდარა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება ავსტრალოპითეკ სედიბასთვის და Homo naledi-ისთვის პატივის მისაგებად მიიღეს, როგორც ადამიანთა წინაპრებისთვისა და ნათესავებისთვის, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით, რომ ახლა კოსმოსში მოგზაურობის შესაძლებლობა გვაქვს.
ვსტრალოპითეკი სედიბა სამხრეთ აფრიკაში მიკვლეული სახეობაა ისევე, როგორც Homo naledi, რომელიც დედამიწაზე 250 000 წლის წინ ბინადრობდა. კოსმოსში პირველის განამარხებული ლავიწის ძვალი და მეორის ცერა თითის ძვალი გაგზავნეს.
"ვიმედოვნებთ, რომ ეს ცნობიერებას გაზრდის კაცობრიობის მიერ განვლილი გზის შესახებ, რამაც ამ ისტორიულ მომენტამდე მოგვიყვანა, სადაც კომერციული კოსმოსური მოგზაურობა შესაძლებელია", — ამბობს სამხრეთ აფრიკაში მდებარე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის, "კაცობრიობის აკვნის" (COHWHS) აღმასრულებელი ხელმძღვანელი, მეთიუ სათიკა.
ნამარხები ნახშირბადის ბოჭკოს კონტეინერებში იყო მოთავსებული. ის ტიმოთი ნეშმა წაიღო, როგორც სამხრეთაფრიკელმა.
კომენტარები