ბოლო პერიოდში, 50 წლამდე ადამიანებში კიბოს შემთხვევების სტატისტიკა იზრდება.

2021 წლის ივლისში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 1990-იანი წლებიდან მოყოლებული 50 წლამდე ადამიანებში კიბოს მაჩვენებელი 50 პროცენტით გაიზარდა. ამავდროულად, 2022 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 50 წლამდე ასაკის ადამიანები ძირითადად 14 ტიპის კიბოს მიმართ არიან მიდრეკილნი

ახალი ანგარიში, იგივე დასკვნები

არც ბოლო კვლევის შედეგებია დამაიმედებელი. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში 50 წლამდე ასაკის ადამიანებში კიბოს შემთხვევების ზრდა საგანგაშოა. მხოლოდ 2019 წელს დაავადების 1,82 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

BMJ Oncology-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს 29 ტიპის კიბოს მოიცავს: მათ შორის სარძევე ჯირკვლის, თირკმელებისა და საკვერცხეების.

"1990-იანი წლებიდან მოყოლებული 2019 წლის ჩათვლით კიბოს ადრეულ ასაკში გამოვლინება 79,1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო სიკვდილიანობის მხრივ 27,7 პროცენტიანი ზრდაა", — აღნიშნულია კვლევაში.

მატება მთელს მსოფლიოში ფიქსირდება. ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა ჩრდილოეთ ამერიკაში, დასავლეთ ევროპასა და ავსტრალაიაში ფიქსირდება. სიკვდილიანობის მხრივ ცენტრალური აზია, აღმოსავლეთ ევროპა და ოკეანეთია.

ამ ზრდას რამდენიმე ფაქტორი შეიძლება უწყობდეს ხელს — გლობალური დათბობით გამოწვეული გარემო ფაქტორების ცვლილება, მათ შორის კანცეროგენების ზემოქმედება, როგორიცაა დამაბინძურებლები და სხვა.

მეორე ფაქტორი ჭარბი წონაა. ჭარბწონიანი ადამიანების რიცხვი სულ უფრო იზრდება, ჩვენ კი ვიცით, რომ ეს კიბოს გამომწვევი ერთ-ერთი რისკფაქტორია.

არის მესამე ფაქტორიც. განვითარებულ ქვეყანაში ადამიანები ბავშვებს გვიან ასაკში აჩენენ. დაგვიანებულმა მშობიარობამ შეიძლება ხელი შეუწყოს სარძევე ჯირკვლისა და საკვერცხის კიბოს განვითარებას.

მეოთხე, კიბოს გარკვეულ ფორმებზე, შესაძლოა, გავლენა ჰორმონალურმა ცვლილებებმა იქონიოს. ეს შეიძლება ჰორმონის შემცვლელი თერაპიის გამოყენების გამო მოხდეს.

დაბოლოს, არის ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი. სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარებამ კიბოს დიაგნოზირების შანსები გაზარდა. შესაბამისად, სტატისტიკის მატება შეიძლება ამასთანაც იყოს დაკავშირებული.

კიბოს პრევენცია

კვლევის ავტორებმა კიბოს პრევენციასთან დაკავშირებით რამდენიმე რჩევაზეც მიუთითეს.

"ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება, მათ შორის ჯანსაღი დიეტა, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების შეზღუდვა, სათანადო გარე აქტივობა, ეს ის ფაქტორებია, რომელიც ადრეული კიბოს განვითარების რისკებს ამცირებს", — ამბობენ მკვლევრები.

მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ ამ მიმართულებით მეტი კვლევაა საჭირო.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.