iPhone-ის მომხმარებლები TikTok-ზე შესვლას უკვე ბიომეტრიული მონაცემებით შეძლებენ
TikTok-ს iPhone-ის მომხმარებლებისთვის სიახლე აქვს: ისინი პოპულარულ სოციალურ ქსელში უკვე პაროლის ჩაწერის გარეშე შევლენ, რადგან ამისთვის ბიომეტრიული მონაცემებიც საკმარისი იქნება. კერძოდ, ავთენტიფიკაციას ისინი მხოლოდ Touch ID-ის, ანუ თითის ანაბეჭდისა და Face ID-ის, იგივე სახის ამოცნობის ფუნქციის მეშვეობით შეძლებენ.
იდენტიფიკაციის დადასტურების ეს მეთოდი Passkey-ის სახელითაა ცნობილი და iOS მოწყობილობებში ხშირად გამოიყენება. ახლა ის უკვე TikTok-შიც ინტეგრირდა. მის გასააქტიურებლად, აპლიკაციის პარამეტრებში უნდა შეხვიდეთ, Passkey-ის შეთავაზება აირჩიოთ, შემდეგ Set up-ს (დაყენებას) დააჭიროთ, ბოლოს კი — Continue-ს (გაგრძელებას).
შედეგად, თქვენი ბიომეტრიული მონაცემები iCloud Keychain-ში შეინახება და Apple-ის სხვა მოწყობილობებზეც იმუშავებს. მასზე წვდომა თავად TikTok-საც კი არ ექნება, რაც ნიშნავს, რომ მაქსიმალურად დაცულები იქნებით.
როდის იქნება ეს ფუნქცია ხელმისაწვდომი Android-ის მომხმარებლებისთვის, უცნობია, მაგრამ კომპანიაში ამბობენ, რომ ავთენტიფიკაციის ახალი მეთოდი ეტაპობრივად უფრო ფართოდ დაინერგება. ჯერჯერობით მისით სარგებლობას აზიაში, აფრიკაში, ავსტრალიასა და სამხრეთ ამერიკაში მცხოვრები ადამიანები შეძლებენ.
Passkeys უფრო და უფრო მეტ აპლიკაციასა თუ პლატფორმაში გამოიყენება. მაგალითად, Microsoft-მა ის Windows 11-ში ჩააშენა. იგივე ფუნქცია iCloud-ის ანგარიშის დასაცავად გამოჩნდა iOS 17-სა macOS Sonoma-ს ბეტა ვერსიებშიც ისევე, როგორც GitHub-ში, 1Password-სა და Google Workspace-ში.
TikTok-მა განაცხადა, რომ ის შეუერთდა FIDO-ს გაერთიანებას, რომელიც Passkeys-ის შექმნაში მონაწილეობდა. ორგანიზაციის სხვა წევრებს შორისაა ისეთი ტექნოლოგიური გიგანტები, როგორიცაა Google, Microsoft და Apple.
კომენტარები