საავადმყოფოებში Google-ის სამედიცინო ჩატბოტის, Med-PaLM 2-ის, გამოცდა დაიწყეს
აპრილიდან მოყოლებული Google-ის Med-PaLM 2-ს მაიოს კლინიკასა და სხვა საავადმყოფოებში ტესტავენ. ეს ხელოვნურ ინტელექტზე (AI) შექმნილი ხელსაწყოა, რომელსაც სამედიცინო შეკითხვებზე პასუხი ევალება. იგი PaLM 2-ის (დიდი ენის მოდელი, რომელზეც ჩატბოტი Bard შექმნეს) ერთ-ერთი ვარიანტია. ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს.
Google-ში მიიჩნევენ, რომ განახლებული მოდელი ისეთ ქვეყნებში შეიძლება იყოს განსაკუთრებით გამოსადეგი, სადაც ხალხს ექიმებზე ნაკლებად აქვს წვდომა.
Med-PaLM 2 სამედიცინო ექსპერტთა დემონსტრაციებზე გაწვრთნეს. შესაბამისად, კომპანიაში სჯერათ, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საუბარს იგი სხვა გენერალიზებულ ჩატბოტებზე უკეთ შეძლებს.
Google-ის ნაშრომის მიხედვით, სიზუსტის კუთხით Med-PaLM 2-ს ჯერ კიდევ აქვს ისეთი პრობლემები, რომლებსაც დიდ ენის მოდელებში ვეჩეხებით ხოლმე. კვლევის ფარგლებში Google-ის Med-PaLM-ისა და Med-PalM 2-ის მიერ მოწოდებულ პასუხებში უფრო მეტი უზუსტობა და არარელევანტური ინფორმაცია შენიშნეს, ვიდრე ექიმების მიერ მოწოდებულში.
საგულისხმოა ისიც, რომ თითქმის ყველა სხვა ასპექტში იგი დაახლოებით ისევე ასრულებს საქმეს, როგორც ნამდვილი ექიმები: ამჟღავნებს, რომ ლოგიკური მსჯელობა შეუძლია; მისი პასუხები სფეროში ერთხმად აღიარებულ ინფორმაციას ეყრდნობა; არაფერი მეტყველებს იმაზე, რომ რაიმეს არასწორად იგებს.
უნდა აღინიშნოს, რომ კლიენტები, რომლებიც Med-PaLM 2-ს გამოცდიან, თავიანთ პირად ინფორმაციაზე კონტროლს არ დაკარგავენ. მონაცემები დაშიფრული იქნება და Google-ს მათზე წვდომა არ ექნება.
მართალია, Med-PaLM 2 ჯერ საკმაოდ დასახვეწია, თუმცა, შესაძლოა, სამომავლოდ ჯანდაცვის სფეროში საკმაოდ ღირებული AI ხელსაწყო გახდეს.
დამატებითი ინფორმაცია Google-სა და მაიოს კლინიკას ჯერ არ გაუვრცელებიათ.
კომენტარები