ირლანდიაში ხალხს იზოლირებულ კუნძულებზე საცხოვრებლად $92 000 დოლარამდე გადაუხდიან
ირლანდიაში ადამიანებს იზოლირებულ კუნძულებზე გადასახლებისთვის დააფინანსებენ. საუბარია ქვეყნის ველური დასავლეთ სანაპიროს დაახლოებით 30 კუნძულზე. თანხის მისაღებად კანდიდატები გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ.
სქემას "Our Living Islands" ეწოდება. იგი 84 ათას ევრომდე (დაახლოებით 92 ათასი აშშ დოლარი) თანხას სთავაზობს იმ ადამიანებს, რომელთაც ატლანტის სანაპიროზე ლამაზ, თუმცა მეჩხრად დასახლებულ კუნძულებზე სურთ გადასახლება. ეს კუნძულები ხმელეთის ძირითადი ნაწილისგან მოწყვეტილია და მას ხიდებით არ უკავშირდება.
ახალი ინიციატივა 1-ელ ივლისს ამოქმედდება. მისი მიზანია, კუნძულებზე ცარიელი თუ მიტოვებული სახლები განახლდეს და ხანგრძლივ საცხოვრებლად იქცეს. ეს შედარებით ფართო მისიის ნაწილია, რათა აღნიშნული კუნძულები გამოცოცხლდეს და მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდოს.
კუნძულებზე მიტოვებულ, ცარიელ უძრავ ქონებას სპეციალური სამსახური გამოავლენს.
"პოლიტიკის ამოქმედების შედეგად მეტი ადამიანი იცხოვრებს კუნძულებზე და მეტი ადამიანი იმუშავებს ჩვენს კუნძულებზე კარგი კარიერული პერსპექტივებით, იმისდა მიუხედავად, თუ სადაა მათი დამსაქმებლის ადმინისტრაციული ცენტრი", — განაცხადა ჰეზერ ჰამფრისმა, სასოფლო და საზოგადოების განვითარების მინისტრმა.
გასათვალისწინებელია, რომ ამისათვის ადამიანი ერთ-ერთ კუნძულზე 1993 წლამდე აშენებულ უძრავ ქონებას უნდა ფლობდეს. აღნიშნული მინიმუმ ორი წლით უნდა იყოს ცარიელი.
საგულისხმოა, რომ გაცემული თანხის გამოყენებას მხოლოდ რემონტის, იზოლაციის დაყენებისა და სტრუქტურული ასპექტების გასაუმჯობესებლად შეძლებენ.
დაბოლოს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ირლანდიაში ქონების ფლობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თუმცა ეს ქვეყანაში ცხოვრების უფლების გარანტიას არ იძლევა.
კომენტარები