შესაძლოა, კოსმოსში ბნელი მატერიისგან შემდგარი პლანეტები არსებობდეს
ჩვენი კოსმოსური სამეზობლო, მზითა და პლანეტებით, სხვა მსგავსი სისტემების მსგავსად, ხილული, სტანდარტული მატერიისგან შედგება. ამის მიუხედავად, ვიცით, რომ არსებობს ბნელი მატერიაც, რომელზეც სამყაროს მთლიანი მასის უდიდესი ნაწილი მოდის, მაგრამ მას ვერ ვხედავთ.
იქნებ, კოსმოსში არის ისეთი ციური სხეულებიც, რომლებიც სწორედ ასეთი სუბსტანციისგანაა წარმოქმნილი? სწორედ ამგვარ ჰიპოთეზურ ობიექტებზე საუბრობენ მეცნიერები ახალ ნაშრომში და მათი დაფიქსირების გზებსაც განიხილავენ.
ბნელი მატერიის შესახებ ბევრი რამ არ ვიცით, მაგრამ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ის იმ გრავიტაციაზეა პასუხისმგებელი, რომელიც ჩვენი გარემომცველი გალაქტიკების, ვარსკვლავებისა თუ მტვრის ღრუბლებისას აღემატება. სპეციალისტები გრავიტაციის მსგავსი წყაროს რამდენიმე თეორიულ კანდიდატს იკვლევენ.
ისინი 2 ჯგუფად იყოფა: ცალკეული ნაწილაკები და შენაერთები, მათ შორის ბნელი მატერიის მაკროსკოპული "ბუშტები", რომლებიც შესაძლოა, პლანეტური მასშტაბის მასის მქონეც იყოს.
"მაკროსკოპული ბნელი მატერია, რომელსაც პლანეტის მაგვარი მასა და/ან რადიუსი აქვს, ბნელი ეგზოპლანეტის სახეს მიიღებს, თუკი ვარსკვლავურ სისტემაშია, თუნდაც ამ ობიექტის ბაზისური ფიზიკა სრულიად განსხვავებული იყოს", — აცხადებენ ავტორები.
ჩვეულებრივ ეგზოპლანეტებს ასტრონომები ვარსკვლავის სიკაშკაშეზე გავლენის შესწავლით აფიქსირებენ. ასეთია ტრანზიტის მეთოდი, ანუ მნათობის სინათლის ცვლილება მასთან ციური სხეულის ჩავლის გამო. ამ მონაცემებზე დაყრდნობით სპეციალისტები ისეთ მახასიათებლებს ადგენენ, როგორიც რადიუსია, ვარსკვლავის მცირედი მოძრაობის, ანუ რადიალური სიჩქარის მიხედვით კი მასას ითვლიან.
მათი მეშვეობით სიმკვრივის განსაზღვრაცაა შესაძლებელი, რაც ობიექტზე მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის. მაგალითად, დაბალი სიმკვრივე აირის გიგანტებშია გავრცელებული, ხოლო მაღალი — მყარში.
ახალი კვლევის თანახმად, იმავენაირად შეგვიძლია ბნელი ეგზოპლანეტების გამოვლენაც, მაგრამ მათი მახასიათებლები, სავარაუდოდ, სრულიად განსხვავებული იქნება. არაა გამორიცხული, რომ რკინაზე მკვრივი ციური სხეული აღმოვაჩინოთ ან ისეთი დაბალი სიმკვრივის, რომლის არსებობის ახსნაც შეუძლებელია.
ტრანზიტის მეთოდით ეგზოპლანეტების ატმოსფეროების შემადგენლობასაც იკვლევენ. თუ ამგვარ მონაცემებში სპექტრული ანომალიები აღმოჩნდება, ეს ბნელი მატერიისგან შემდგარ ობიექტზე მიანიშნებს. იგივე მოხდება მნათობის რადიალური სიჩქარის დაფიქსირების მიუხედავად, ეგზოპლანეტის ვერდანახვის შემთხვევაშიც და მაშინაც, თუ სინათლის მრუდი მოულოდნელ ფორმას მიიღებს.
მეცნიერები ამბობენ, რომ მათი კვლევა გაუმჯობესებას ექვემდებარება, იქნება ეს უფრო მრავალსახოვანი ორბიტების განხილვა თუ ბევრად მეტი მახასიათებლის ჩართვა. მათი ნაშრომი arXiv-ზეა ხელმისაწვდომი.
კომენტარები