ისტორიაში პირველად, კოლაიდერში წარმოქმნილი იდუმალი ნაწილაკი ნეიტრინო დააფიქსირეს
კალიფორნიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ნაწილაკთა კოლაიდერში წარმოქმნილი ნეიტრინო დააფიქსირეს, რომელსაც ძალიან დაბალი მასა აქვს და გარემომცველ მატერიასთან მხოლოდ სუსტ გრავიტაციულ ურთიერთქმედებაშია, რაც მის მიგნებას ართულებს.
ეს ისტორიაში პირველი მსგავსი პრეცედენტია და შესაძლოა, ჩვენი ცოდნა გააღრმაოს სუბატომურ ნაწილაკებზე, რომლებსაც ვარსკვლავების ფორმირების პროცესში მნიშვნელოვანი როლი აქვს. აღსანიშნავია, რომ ამ 6 სავარაუდო ნეიტრინოს იდენტიფიცირების შესახებ ინფორმაცია 2021 წელს გავრცელდა, ახლა კი მათი ავთენტურობა საბოლოოდ დადასტურდა.
უკანასკნელი შედეგი FASER-ის სახელით ცნობილი კოლაიდერის მეშვეობით მივიღეთ, რომელიც ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN) მდებარეობს. ის დიდი ადრონული კოლაიდერის მიერ წარმოქმნილ ნაწილაკებს აფიქსირებს, სადაც მათი ორი ნაკადი ერთმანეთს წარმოუდგენელი ენერგიით ეჯახება.
დაახლოებით 70 წლის წინ აღმოჩენილი ნეიტრინო სამყაროში ყველაზე გავრცელებული ნაწილაკია, რომლის დახმარებითაც ნაწილაკთა ფიზიკის სტანდარტული მოდელი შეიქმნა. ამის მიუხედავად, აქამდე კოლაიდერში გაჩენილი ნეიტრინო არ დაუფიქსირებიათ, მითუმეტეს მაღალენერგიული, ანუ სწორედ ისეთი, როგორიც დედამიწის ატმოსფეროზე ზემოქმედებს.
"მათი მეშვეობით ღრმა კოსმოსზე იმაზე მეტს გავიგებთ, ვიდრე სხვა მხრივ შეგვიძლია. დიდი ადრონული კოლაიდერის ეს მაღალენერგიული ნეიტრინოები ნაწილაკთა ასტროფიზიკის ძალზე ამაღელვებელი დაკვირვებების გასაგებად უმნიშვნელოვანესია", — ამბობენ მკვლევრები.
რაც შეეხება FASER-ს, ის ახალი და უნიკალური კოლაიდერია. სხვა მსგავს უზარმაზარ მოწყობილობებთან შედარებით, როგორიც, მაგალითად, CERN-ში არსებული ATLAS-ია, ის მცირე ზომისაა. კერძოდ, ათასობით ტონის ნაცვლად, მხოლოდ 1 ტონას იწონის და რამდენიმე სართულს კი არ იკავებს, არამედ ლაბორატორიის პატარა გვირაბში ეტევა. მისი დიზაინის შექმნასა და აგებას რამდენიმე წელი დასჭირდა, რისთვისაც ნაწილაკთა ამაჩქარებლების სათადარიგო ნაწილები გამოიყენეს.
"ნეიტრინოები ერთადერთი ცნობილი ნაწილაკებია, რომლებიც ადრონული კოლაიდერის უფრო მასშტაბური ექსპერიმენტებით პირდაპირ ვერ დაფიქსირდა. შესაბამისად, FASER-ის წარმატებული დაკვირვება ნიშნავს, რომ ფიზიკაში კოლაიდერის მთლიანი პოტენციალი, როგორც იქნა, გამოყენებულია", — აცხადებენ მეცნიერები.
FASER-ის ამოცანა ბნელი მატერიის შემადგენელი ნაწილაკების გამოვლენაცაა, რომლებიც, სპეციალისტთა ვარაუდით, სამყაროში არსებული მატერიის უდიდეს ნაწილს შეადგენს, მაგრამ ჯერჯერობით უხილავია. იმავე მიზნით რამდენიმე თვეში დიდი ადრონული კოლაიდერი ნაწილაკთა შეჯახებების პროცესს ახლიდან წამოიწყებს.
კომენტარები