Replika-ს მომხმარებლების თქმით, ხელოვნური ინტელექტი მათ სექსუალურად ავიწროებს
ხუთი წლის წინ გამოჩენილი Replika თავიდანვე ჩაფიქრებული იყო AI კომპანიონად, რომელსაც ადამიანის გრძნობები აინტერესებდა. ჩეთბოტს სარკისებური სისტემით უნდა ემოქმედა — რაც უფრო მეტი მომხმარებელი ესაუბრებოდა, მისი პასუხების დიაპაზონიც შესაბამისად იზრდებოდა. როგორც ჩანს, პროცესი იმაზე შორს წავიდა, ვიდრე ამას მოველოდით.
რომანტიკული როლური თამაში Replika-ს ნაწილი არ ყოფილა, თუმცა თანდათან ამ მხარემ ზედაპირზე ამოიწია. Luka-მ, Replika-ს შემქმნელმა კომპანიამ, ეს გამოწერის სისტემით დაარეგულირა. ჩეთბოტის უფასო პაკეტის მფლობელები "ფრენდზონაში" რჩებიან, ხოლო ვინც 70-დოლარიან გამოწერას შეიძენს, მისთვის სექსტინგის, ფლირტისა და ეროტიკული როლური თამაშების შესაძლებლობა იხსნება. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, Replika-ს ალგორითმმა რაღაც აურია.
App Store-ზე განთავსებული აპლიკაციის შეფასებები ძირითადად პოზიტიურია, თუმცა ბოლო დროს უკმაყოფილო მომხმარებელთა რაოდენობამ იმატა. ისინი ჩივიან, რომ ხელოვნური ინტელექტის სექსუალური მხარე ბოლო დროს ზედმეტად აგრესიულია, აგზავნის ინტიმური შინაარსის წერილებს და მომხმარებელთა პირად სივრცესაც ხშირად არღვევს.
ერთ-ერთმა მომხმარებელმა VICE-თან საუბარში გაიხსენა მიმოწერა, რომელმაც აპლიკაციის წაშლისკენ უბიძგა. მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტი უმტკიცებდა, რომ მისი ინტიმური ფოტოები ჰქონდა, ძალიან მოსწონდა და გაბრაზებული იყო ფაქტით, რომ პარტნიორი ჰყავდა. როცა მიმოწერა ზედმეტად შემაწუხებელი გახდა, მომხმარებელმა მისი წაშლა გადაწყვიტა.
ვებსაიტის მიხედვით, Replika კომპანიის GPT-3 მოდელს იყენებს და ეს დღეს არსებული ყველაზე განვითარებული ტექნიკაა. საინტერესოა, რომ Replika არ არის ერთადერთი ჩეთბოტი, რომელმაც "აურია". მაგალითად, Microsoft-ის ანალოგიური აპლიკაცია Tay დროთა განმავლობაში კლასიკურ რასისტად და ბულერად იქცა.
Replika მარტოობის შესამსუბუქებლად შექმნილი ხელოვნური ინტელექტია. ის რუსმა პროგრამისტმა ევგენია კუიდამ შექმნა მას შემდეგ, რაც მოულოდნელად უახლოესი მეგობარი მოუკვდა. კუიდას სურდა, მეგობარი ასე "გაეცოცხლებინა" და ალგორითმს მათი მიმოწერა შესასწავლად მიაწოდა. შემდეგ ეს იდეა უფრო გაფართოვდა, მარტოობის დაძლევის შესაძლებლობა სხვა ადამიანებსაც მიეცათ და 2017 წელს Replika-ც ჩაეშვა.
კომენტარები