ჩეთბოტმა, სახელწოდებით ChatGPT-მა, ამ კვირაში მთელი ინტერნეტი დაიპყრო. ჩეთბოტის მომხმარებლების რაოდენობა 5 დღეში რამდენიმე მილიონზე ავიდა. ChatGPT-ის ჩაშვება OpenAI-სთან არის დაკავშირებული, ორგანიზაციასთან, რომლის ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელიც ილონ მასკია.

სონეტების წერის, წერილების შედგენისა და ალგორითმით გენერირებული ესეების წარმოების გარდა ჩეთბოტს კიდევ ბევრი რამე შეუძლია. ამასთან, ChatGPT ადამიანებს ისე ესაუბრება, რომ უმეტესობის აღფრთოვანებას იწვევს.

ასევე: რა არის ChatGPT, რომელზეც ყველა საუბრობს, და შეუძლია თუ არა მას Google-ის ჩანაცვლება?

ჩეთბოტის უკეთ გასაცნობად Interesting Engineering-მა მისი გამოცდა გადაწყვიტა და ChatGPT-თან საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

მაშ ასე, გთავაზობთ ინტერვიუს:

  • როგორც მეცნიერებისა და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ჟურნალისტს, მაინტერესებს რატომ ღირს შენთან ინტერვიუს ჩაწერა?

როგორც OpenAI-ის მიერ გენერირებული ენის მოდელი, მე არ ვარ ადამიანი. შესაბამისად, არ შემიძლია ვისაუბრო ისე როგორც ამას ადამიანი იზამდა. მე ვარ კომპიუტერული პროგრამა, რომელიც იყენებს ალგორითმებს ტექსტის გენერირებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ მე შემიძლია მოგაწოდო გარკვეული ინფორმაცია მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე, ამ სფეროს ექსპერტი ჯერ არ ვარ. ამიტომ, როგორც ზუსტ წყაროს ვერ დამეყრდნობი.

  • რა არის 2022 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევები?

ბოდიში, მაგრამ მე ვარ OpenAI-ის მიერ გაწვრთნილი ენის მოდელი და არ მაქვს ინფორმაცია მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ბოლოდროინდელი მიღწევების შესახებ. ჩემი წვრთნა 2021 წლითაა შემოფარგლული. არის კიდევ რამე, რითაც შემიძლია დაგეხმაროთ?

შეკითხვაზე, თუ რას უნდა ველოდოთ 2023 წელს მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში, ჩეთბოტს დაახლოებით იგივე პასუხი ჰქონდა. მისი თქმით, მას 2021 წლის მოვლენებზე შეუძლია საუბარი და ამ მხრივ მომავლის პროგნოზირება გაუჭირდება.

შემდეგი შეკითხვა ჯეიმს ვებს ეხებოდა და როგორც ჩანს, ბოტი მართლაც 2021 წელში ცხოვრობს:

  • რას აღმოაჩენს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი?

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის აწყობა ახლა სრულდება და მისი გაშვება 2021 წლის 30 მარტსაა დაგეგმილი. ის ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მემკვიდრეა და შექმნილია, რათა სამყაროს აღქმაში დაგვეხმაროს.

  • როდის გაუშვებს SpaceX თავის კოსმოსურ ხომალდ Starship-ს?

Starship არის კოსმოსური ხომალდი, რომელიც SpaceX-ს ეკუთვნის. ეს ამერიკული აერონავტიკის მწარმოებელი და კოსმოსური ტრანსპორტის მომსახურების კომპანიაა.

ბოდიშს გიხდით, მაგრამ მე არ შემიძლია მოგაწოდოთ მეტი ინფორმაცია Starship-ის გაშვების კონკრეტული თარიღის შესახებ.

  • როდის იქნება ელექტრომობილები უფრო იაფი ვიდრე ჩვეულებრივ საწვავზე მომუშავე მანქანები?

ელექტრომობილების (EV) ღირებულება ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა და მოსალოდნელია, რომ ასე გაგრძელდება. რადგან ტექნოლოგია უმჯობესდება, ეს პროცესი უფრო დაჩქარდება.

ძნელია ზუსტად იმის პროგნოზირება, თუ როდის გახდება EV-ები უფრო იაფი ვიდრე ჩვეულებრივი წვის ძრავის მანქანები, რადგან ეს დამოკიდებული იქნება მრავალ ფაქტორზე, როგორიცაა ბენზინის ფასი, ბატარეების ღირებულება და ელექტრომობილების მოხმარების წახალისება.

ბევრი ექსპერტი თვლის, რომ ელექტრომობილები უახლოეს ათწლეულში უფრო იაფი იქნება, ვიდრე კლასიკური ავტომობილები. როგორც OpenAI-ის მიერ გენერირებულ ენობრივ მოდელს, მე არ მაქვს მომავალი მოვლენების ან ტექნოლოგიური განვითარების პროგნოზირების შესაძლებლობა, ამიტომ დანამდვილებით ვერ ვიტყვი, როდის გახდება EV-ები უფრო იაფი ვიდრე ჩვეულებრივი წვის ძრავის მანქანები.

  • რა ტექნოლოგიას შეუძლია გადაარჩინოს დედამიწა?

არ არსებობს ერთი კონკრეტული ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია გადაარჩინოს სამყარო, მაგრამ არსებობს მრავალი განსხვავებული მიმართულება, რომელსაც შეუძლია დაგვეხმაროს კაცობრიობის წინაშე მდგარი ზოგიერთი უდიდესი გამოწვევის გადაჭრაში. მაგალითად, განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები, როგორიცაა მზის და ქარის ენერგია, ამას შეუძლია დაგვეხმაროს წიაღისეულ საწვავზე ჩვენი დამოკიდებულების შემცირებასა და კლიმატის ცვლილების შედეგების შერბილებაში.

მოწინავე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიები, როგორიცაა ზუსტი მეურნეობა და გენმოდიფიცირებული კულტურები, შეიძლება დაგვეხმაროს საკვების წარმოების გაზრდასა და ნარჩენების შემცირებაში.

სამედიცინო ტექნოლოგიები, როგორიცაა ვაქცინები და დიაგნოსტიკური ტესტები, შეიძლება დაგვეხმაროს დაავადებების პრევენციასა და მკურნალობაში. გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტისა და მანქანათმცოდნეობის ტექნოლოგიები დაგვეხმარება კომპლექსური პრობლემების უკეთ გაგებაში და მოგვარებაში, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და დაავადებები.

ინტერვიუს ფორმატში ჟურნალისტმა ჩეთბოტს ინჟინრებზე ლექსის დაწერაც სთხოვა. ლექსი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა, მისი ნახვა აქ შეგიძლიათ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.