ამიერიდან Discord-ით ფულის შოვნა შესაძლებელი იქნება
კრეატორებს ექნებათ შესაძლებლობა, დააწესონ ისეთი გადასახადები, როგორიც თავად სურთ
პოპულარული სოციალური პლატფორმა Discord, სერვერის გამოწერის პროგრამას აფართოებს და მეტ კრეატორს მისცემს შესაძლებლობას, რომ გამოწერისა და პრემიუმ პრივილეგიების სანაცვლოდ მხარდამჭერებს ფული გადაახდევინონ.
"დღეიდან ჩვენ ვაფართოებთ Discord-ზე სერვერის გამოწერის შესაძლებლობას, რაც კრეატორებს მისცემს საშუალებას, მათივე სერვერით ფული მარტივად გამოიმუშაონ". — განაცხადა Discord-ის პროდუქტის ხელმძღვანელმა, დერეკ ლანგმა
აშშ-ში სერვერებს აქვთ უფლება, გამოწერის გადასახადი გაააქტიურონ, თუ შემდეგ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ:
- კრეატორი სრულწლოვანია (18+)
- ანგარიში კარგ მდგომარეობაშია
- ელ. ფოსტა და მობილურის ნომერი უნდა იყოს ვერიფიცირებული
- ანგარიშზე გააქტიურებული უნდა იყოს ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია
კრეატორებს ექნებათ შესაძლებლობა, ისეთი გადასახადი დააწესონ, როგორიც სურთ და რაოდენობაც სრულად მათზეა დამოკიდებული. Twitch-ის შემოსავლის 50%-იანი გადასახადისგან განსხვავებით, Discord-ზე კრეატორებს შემოსავლის მხოლოდ 10%-ის გადახდა მოუწევთ. თუმცა, განაღდების პირობები განსხვავებულია. მომხმარებელი თვის განმავლობაში შეგროვებულ თანხას თვის დასრულებიდან 30 დღის განმავლობაში ვერ მიიღებს. ეს ნიშნავს, რომ იანვარში მიღებულ თანხას კრეატორი მარტის დასაწყისში გაანაღდებს. გარდა ამისა, განაღდებისათვის აუცილებელი მინიმალური თანხა 100 დოლარია.
ასევე, არსებობს სფეროები, რომელთა Discord-ზე მონეტიზაციაც შეზღუდული იქნება. ეს ეხება იარაღის, ნარკოტიკის მოხმარებისა და აზარტული თამაშების, ასევე სექსუალური მასალის შემცველ კონტენტს.
დაბნეული მომხმარებლებისთვის დახმარების გასაწევად Discord-მა შექმნა კრეატორების პორტალიც, რომელზეც დეტალურადაა ახსნილი ამ მონეტიზაციის პრინციპები და წესები.
კომენტარები