ნახეთ: NASA-ს ზონდის მიერ გადაღებული იუპიტერისა და მისი ორი თანამგზავრის გასაოცარი ფოტო
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) ახლახან კოსმოსურ ზონდ "ჯუნოს" მიერ გადაღებული შთამბეჭდავი სურათი გამოაქვეყნა, რომელზეც მზის სისტემის აირის გიგანტად წოდებული იუპიტერი და მისი ორი თანამგზავრია აღბეჭდილი.
ეს გასაოცარი კადრი აპარატმა გასული წლის ნოემბერში დააფიქსირა, როცა უზარმაზარ პლანეტას ახლო მანძილზე ჩაუარა. ამ დროს მისი კამერის ობიექტივში ციური სხეულის შტორმიანი ატმოსფეროს ნაწილი, ასევე, მოშორებით მდებარე კალისტო და იო მოხვდა. ამ ობიექტებიდან პირველი იუპიტერის ქვემოთ, კაშკაშა დისკოს სახით მოჩანს, მეორე კი სურათის ქვედა ნაწილშია განლაგებული და უფრო მცირე ზომისაა.
"ჯუნომ" ფოტო მაშინ გადაიღო, როცა იუპიტერის ატმოსფეროს ზედა ღრუბლებისგან 14 000 კილომეტრი აშორებდა და მათ თავზე საათში 198 000 კილომეტრი სიჩქარით გადაადგილდებოდა. კადრი მოყვარულმა მეცნიერებმა დაამუშავეს, კერძოდ, მათ გამოსახულება მოაახლოვეს და ფერები გაამკვეთრეს.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ამ კოსმოსურმა ზონდმა იუპიტერის ერთ-ერთ გალილეისეულ თანამგზავრს, ევროპას ჩაუარა და მისი ახლო ხედით გადაღებული სურათები გამოგვიგზავნა, რომელთა მსგავსიც ბოლო 20 წელში არ მოგვიპოვებია. 2021 წლის აპრილში "ჯუნო" განიმედესაც ეწვია, რომელიც აირის გიგანტი პლანეტის უდიდესი თანამგზავრია.
შეგახსენებთ, რომ აპარატის კამერის, JunoCam-ის მონაცემები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და მათი დამუშავება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რომელსაც სურვილი და სათანადო ცოდნა აქვს.
კომენტარები