ძვირფასი ლითონით მდიდარ ასტეროიდზე NASA ზონდს 2023 წელს გაუშვებს — მისია Psyche გრძელდება
ასტეროიდ Psyche-ზე მისიის განხორციელება წელს, აგვისტოში იგეგმებოდა, თუმცა გარკვეული პრობლემების გამო, ძვირფასი ლითონით მდიდარ ობიექტზე ამავე სახელწოდების ზონდის გაშვება გადაიდო. NASA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აპარატს სამიზნე ასტრონომიული სხეულისკენ 2023 წელს გაგზავნიან.
სპეციალისტებმა არსებული პრობლემები გააანალიზეს და ამის შესახებ ოფიციალურ ანგარიშს ამზადებენ, რომელიც უახლოეს მომავალში საჯაროდ გამოქვეყნდება. ისინი ზონდის საფრენი სისტემის გამართულობას ამოწმებენ და ტესტირებებს ატარებენ, რათა მის ტექნიკურ მზაობაში დარწმუნდნენ.
როგორც ცნობილია, Psyche-ს გაშვებისთვის მომდევნო წელს ფანჯარა 10 ოქტომბერს გაიხსნება. თავად მისიის გეგმებში თითქმის არაფერი შეცვლილა: კოსმოსში გაგზავნილი აპარატი 2026 წელს ჩვენი მეზობელი წითელი პლანეტის გრავიტაციას ტრაექტორიის გასასწორებლად და მოძრაობის ასაჩქარებლად გამოიყენებს. ამის მეშვეობით ის ასტეროიდ 16 Psyche-სკენ გაემართება, დანიშნულების ადგილამდე კი 2029 წლის აგვისტოში მიაღწევს.
შეგახსენებთ, რომ ეს ობიექტი მასიურობითა და სიდიდით გამოირჩევა. ასევე, ის ლითონისგანაა შედგენილი (რკინა, კობალტი, ნიკელი), რომლის საერთო ღირებულებაც მრავალი მილიარდი აშშ დოლარია. თუმცა, NASA-ს მიზანი მადნის მოპოვება არაა, არამედ ასტეროიდის შესწავლა, რადგან შესაძლოა, ის პროტოპლანეტური წარმონაქმნის გაშიშვლებული ბირთვი იყოს.
სააგენტომ ეს მისია 2017 წელს შეარჩია და ის პროგრამა Discovery-ის ფარგლებში ხორციელდება.
კომენტარები