40 წლის შემდეგ ლეგენდარული DeLorean ისევ გამოვა — როგორი იქნება ის
ჯონ დელორეანის შვილი მამის ხსოვნის პატივსაცემად ახალ სპორტქარს შექმნის
ავტომოყვარულებისათვის კარგი სიახლე გვაქვს: გასული საუკუნის 80-იანი წლების ლეგენდარული მოდელი DeLorean DMC-12, რომელიც მრავალმა ჩვენგანმა ტელეეკრანებიდან გაიცნო (დროის მანქანა "უკან მომავალში"), 40 წლის შემდეგ დაბრუნდება!
25 ოქტომბერს გავრცელებული ცნობის მიხედვით, ლეგენდარული ავტომწარმოებლის, ჯონ დელორეანის ქალიშვილი, კეტ დელორეანი, მამის ხსოვნის პატივსაცემად ახალ სპორტქარს ააწყობს.
ისტორიული მცდელობა
ბლოგში ვკითხულობთ, რომ ამ ისტორიულ მცდელობაში წვლილს ავტოინდუსტრიის წამყვანი სპეციალისტები და ის ადამიანები მიიღებენ, ვინც 40 წლის წინ ლეგენდარული, პირველი Delorean-ის შექმნაში იღებდნენ მონაწილეობას. ავტომობილს ჯონ ზაქარი დელორეანის პატვისაცემად Model-JZD ერქმევა.
ავტომობილი მიჩიგანში, დეტროიტში, Motor City-ში შეიქმნება 2023 წლის იანვარში და კომპანია Delorean Next Generation Motors-ის საკუთრება იქნება. კომპანიის, რომელიც ჯონ დელორეანის ქალიშვილმა დააარსა. ავტომობილის შესახებ დეტალები წლის ბოლოს გახდება ცნობილი.
"კეტი თავად იყო მონაწილე იმ უამრავი პროექტისა, რომელზეც 2005 წელს მოულოდნელად გარდაცვალებამდე მამამისი მუშაობდა. მანქანათმშენებლობასა და ამ პროცესში უშუალოდ ჩართულობის გამოცდილება მას მამამისის იდეალურ შემცვლელად და მისი დაუსრულებელი იდეების განსახორციელებლად იდეალურ კანდიდატად აქცევს. კეტმა მამამისის გეგმები გააგრძელა კომპანიის შექმნით, რომელიც ჯონ დელორეანის პრინციპებს: ხარისხს, უსაფრთხოებას, გამძლეობასა და ხელმისაწვდომობას ეყრდნობა", — ვკითხულობთ ბლოგში.
იმედია, ახალი კომპანია ძველის ბედს არ გაიზიარებს. ჯონ დელორეანის წამოწყებამ სულ სამი წლის განმავლობაში იარსება და ერთადერთი მოდელის (თუმცა ლეგენდარულის) მხოლოდ 9 000 ნიმუში გამოუშვა. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ სურს კეტ დელორეანს ასე ძალიან ახალი და გაუმჯობესებული ფირმის შექმნა.
ახალი მოგზაურობა
ამავე ბლოგში ვკითხულობთ, რომ კეტ დელორეანმა DeLorean-ის ბრენდის აღდგენა დაიწყო ისე, როგორც ამას მამამისი ისურვებდა. ეს სატრანსპორტო კომპანიის ახალი ტიპია, რომელიც ფოკუსირებული იქნება ხალხისა და საზოგადოებისათვის სარგებლის მოტანაზე.
ახალი პროექტის მიზანი მხოლოდ მანქანების გამოშვება და სამუშაო ადგილების შექმნა არ იქნება. კეტი აპირებს, საჯარო სკოლებში მანქანათმშენებლობის პროგრამა შეიტანოს, რაც გზას გაუხსნის ახალგაზრდებს, მანქანათმშენებლობის ინდუსტრიაში პირდაპირ, ადრეული ასაკიდანვე ჩაერთონ, ან გააგრძელონ სწავლა ამ მიმართულებით წამყვან უნივერსიტეტებში. ის ასევე აპირებს პარტნიორობას წამყვან კომპანიებთან, რათა ინდუსტრიაში არსებული გამოწვევები და სირთულეები მარტივად გადალახოს.
ამბიციური გეგმების მიუხედავად, DeLorean Next Generation Motors ჯერ ისევ ახალშობილი კომპანიაა, რომლის ლოგოც კი სულ 2 კვირის წინ შეიქმნა. მეტიც, კომპანიის პიონერი Model-JZD-ის იდეაც საინტერესოდ გაჩნდა: ანხელ გერა და ალან პორტილო აპირებდნენ ჯონ დელორეანის ლეგენდარული DMC-12-ის პატივსაცემად მისი ახალი ვერსია შეექმნათ, რაც კეტს მოეწონა და ისინი კომპანიაში მოიწვია.
კეტ დელორეანის კომპანია არ არის ერთადერთი, რომელიც ჯონის იდეების რეალიზებაზე მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ პირველი კომპანია 1982 წელს გაკოტრდა, ბრიტანელმა ავტომშენებელმა სტივენ ვაინმა კომპანიის ახალი ვერსია 1995 წელს დააარსა. ახლა ის სრულად ელექტრო Alpha 5 მოდელზე მუშაობს.
რთულია იმის წინასწარმეტყველება, იქნება თუ არა Model-JZD 40 წლის შემდეგ ავტომოყვარულთათვის ისეთივე საყვარელი, როგორიც DMC-12-ია, თუმცა მაინც შეუძლებელია, ერთ დროს "მომავლის ავტომობილად" მიჩნეული მოდელის გაცოცხლებამ კეტ დელორეანის კომპანიის მიმართ ინტერესით არ განგვაწყოს.
კომენტარები