კატალონიაში უზარმაზარმა სეტყვამ პატარა გოგო იმსხვერპლა
კატალონიაში მძლავრი შტორმის დროს მოსულმა უზარმაზარმა სეტყვამ 20 თვის გოგო იმსხვერპლა. ეს ამ რეგიონისთვის უკანასკნელ 2 დეკადაში ყველაზე დიდი სეტყვა იყო, კერძოდ, ყინულების ზომა 11 სანტიმეტრს აღწევდა.
ბავშვმა თავის უმძიმესი დაზიანება საღამოს საათებში მიიღო, რის შემდეგაც ის ქალაქ ჟირონაში მდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, მისი სხეული იმდენად იყო დაზიანებული, რომ ექიმებმა გოგოს გადარჩენა ვერ შეძლეს და ის მომდევნო დილას დაიღუპა.
"მის გადასარჩენად არაფრის გაკეთება შეგვეძლო და ის დღეს დაიღუპა. ეს საზარელი უბედური შემთხვევაა", — განაცხადა ქალაქის მერმა, კარმე ვალმა.
მისი თქმით, ატმოსფერული ნალექი წვიმის სახით, ფაქტობრივად, არც წამოსულა. არამედ 10 წუთის განმავლობაში ციდან მხოლოდ სეტყვის უზარმაზარი მარცვლები ცვიოდა. შედეგად, 67 ადამიანი დაშავდა. ზოგიერთ მათგანს ყინულის დაცემის ადგილას მოტეხილობაც კი აღენიშნებოდა.
ასევე, დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები და ავტომობილები. რეგიონული პრეზიდენტის, პერე არაგონესის განცხადებით, ის გოგოს ოჯახს თანაუგრძნობს, დაზარალებული მოსახლეობის მიმართ სრულ მხარდაჭერას გამოხატავს და ამბობს, რომ კატალონიის ხელისუფლება მათ გვერდითაა.
აღსანიშნავია, რომ ასეთი სეტყვა რეგიონში 2002 წლის შემდეგ არ ყოფილა.
კომენტარები