დეზინფორმაციასთან ბრძოლის ინოვაციური ტექნოლოგიების რიგით მეორე კონკურსზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო. კონკურსის ფარგლებში, მონაწილეებს საშუალება ექნებათ, თავიანთი ინოვაციური იდეების განსავითარებლად, $42 000-მდე გრანტი მოიპოვონ. კონკურსის გახსნითი, საინფორმაციო შეხვედრა 21 ივლისს, 18:00-ზე, ფაბრიკას Jungle Room-ში გაიმართება.

დეზინფორმაციასთან ბრძოლის ინოვაციური ტექნოლოგიების კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება 3 საკონკურსო დავალება. დაინტერესებულ ტექ. კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი იდეები დეზინფორმაციის წინააღმდეგ ინოვაციური ტექნოლოგიების შესაქმნელად პირველ აგვისტომდე წარმოადგინონ და შესაბამისი დაფინანსება მიიღონ.

დეზინფორმაციასთან ბრძოლის ინოვაციური ტექნოლოგიების პირველი კონკურსი შარშან გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სამი გამარჯვებული კომპანია: MettaMine, Pulsar.ai და Wavetech გამოვლინდა. კომპანიებმა, დაფინანსების სახით, ჯამურად, $127 500 მიიღეს.

ერთ-ერთი გამარჯვებული კომპანიის, Wavetech.ai-ის შექმნილ ხელსაწყოს — MediaSpeech-ს, ვიდეო ან აუდიო კონტენტის ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია შეუძლია.

კიდევ ერთმა გამარჯვებულმა, Pulsar.ai-მ პროგრამა Datavision შექმნა, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომ მონაცემებს საქართველოსა და რუსეთის ღია საჯარო წყაროებიდან აგროვებს. აღნიშნული წყაროები მოიცავს ბიზნესის რეესტრს, საკადასტრო რუკას, ტენდერებს, პოლიტიკური პარტიების შემოწირულებების ბაზებს.

რაც შეეხება მესამე გამარჯვებულს, კომპანია MettaMine-მა პლატფორმა IBEX შექმნა — სოციალური და ონლაინ მედიის ანალიზის ხელსაწყო შექმნა. იგი მანქანურ სწავლებას ონლაინ წყაროებში სიძულვილის ენისა და დეზინფორმაციის ანალიზისა და გრაფიკული ვიზუალიზაციისთვის იყენებს.

დეზინფორმაციასთან ბრძოლის ინოვაციური ტექნოლოგიების მეორე კონკურსი USAID-ის ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის, Startup Grind-ისა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.