კანადაში 30 000 წლის წინ მცხოვრები პატარა მამონტის ნეშტი აღმოაჩინეს
კანადაში მდებარე იუკონის ტერიტორიაზე ოქროს მომპოვებელმა ახალგაზრდამ 30 000-ზე მეტი წლის წინანდელი მუმიფიცირებული ნეშტი აღმოაჩინა, რომელიც ბეწვიან მამონტს ეკუთვნის. პატარა ცხოველის სხეული ჩრდილოეთ ამერიკაში მიკვლეულ მსგავს ნიმუშებს შორის დღემდე ყველაზე სრულადაა მოღწეული. მას მეცნიერებმა ნუნ ჩო გა დაარქვეს, რაც ჰენის ენაზე "დიდ ჩვილ ცხოველს" ნიშნავს.
ის ამ რეგიონში გარეულ ცხენებთან, გამოქვაბულის ლომებთან და გიგანტურ სტეპის ბიზონებთან ერთად ბინადრობდა, სანამ ათასობით წლის წინ მოკვდებოდა და მზრალ ნიადაგში გაიყინებოდა. სპეციალისტთა თქმით, მდედრობითი სქესის ნუნ ჩო გა, სავარაუდოდ, დედასთან ერთად ზედმეტად შორს წავიდა და ტალახში ჩაეფლო.
პალეონტოლოგები, რომლებმაც ნეშტის ამოთხრაში მიიღეს მონაწილეობა, აცხადებენ, რომ ეს მათთვის ყველაზე შთამბეჭდავი მეცნიერული გამოცდილება და მიგნება იყო. ამის მიზეზი ისაა, რომ ცხოველი ძალიან კარგადაა შემონახული, რადგან მას ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს ფრჩხილები, ბეწვი, ტყავი, ხორთუმი და ნაწლავები, რომელშიც უკანასკნელად მირთმეულ საკვებსაც ვხვდებით.
"ნუნ ჩო გა გამყინვარების პერიოდის ყველაზე ლამაზი და გასაოცარი მუმიფიცირებული ცხოველია, რომელიც მსოფლიოში ოდესმე აღმოუჩენიათ", — ამბობს ერთ-ერთი მკვლევარი, გრანტ ზაზულა.
შეგახსენებთ, რომ ბეწვიანი მამონტები დაახლოებით აფრიკული სპილოების ზომისანი იყვნენ. მათზე ადამიანები ნადირობდნენ და ცხოველთა ძვლებსა თუ ეშვებს სხვადასხვა დანიშნულებით იყენებდნენ. ისინი 4 000 წლის წინ გადაშენდნენ, რის პოტენციურ მიზეზადაც მეცნიერთა ნაწილი კლიმატის ცვლილებას ასახელებს, ნაწილი კი — სწორედ ნადირობას.
კომენტარები