კოსმოსური ზონდები, რომლებშიც "ჩაკრულოს" ჩანაწერი ინახება, ნელ-ნელა ითიშება
1977 წელს NASA-მ კოსმოსში ორი ზონდი გაუშვა, Voyager 1 და Voyager 2, რომლებში არსებულ გრამფირფიტებზეც, სხვა ჩანაწერებთან ერთად, "ჩაკრულოც" ინახება. მას შემდეგ ამ აპარატებმა მზის სისტემის შორეულ პლანეტებს ჩაუფრინა და ისინი სულ სხვა თვალით დაგვანახა. გვაჩვენა, როგორ გამოიყურება დედამიწა, ეს "მკრთალი ლურჯი წერტილი", დაახლოებით 6 მილიარდი კილომეტრის დისტანციიდან და გახდა ყველაზე შორს წასული ობიექტები, რომლებიც კაცობრიობას შეუქმნია.
უკვე თითქმის 45 წელი გავიდა, რაც ზონდები დედამიწის ატმოსფეროს გასცდა. ახლა თითოეული მათგანი უკვე მზის სისტემის მიღმა გადაადგილდება და ამდენი ხნის შემდეგ ფუნქციონირებას ჯერ კიდევ აგრძელებს. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ მისიების მაქსიმალურ ხანგრძლივობად თავდაპირველად სულ რაღაც 4 წელი მიიჩნეოდა. მაგრამ ამ ხომალდების კოსმოსურმა ვოიაჟმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.
სამწუხაროდ, Voyager-ების ასეთი გამძლეობა მუდმივი არაა, მათი სიცოცხლე ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. NASA ხომალდების სხვადასხვა სისტემასა თუ ხელსაწყოს ეტაპობრივად თიშავს. სააგენტომ მსგავსი გადაწყვეტილება იმ იმედით მიიღო, რომ ზონდების ფუნქციონირებას 2030 წლამდე გაახანგრძლივებს.
საქმე იმაშია, რომ რადიოაქტიური ქიმიური ელემენტის, პლუტონიუმის იზოტოპებზე მომუშავე თერმოელექტრო გენერატორები აპარატებს საკმარის ენერგიას ვეღარ აწვდის. შედეგად, ყოველწლიურად სისტემებში ეს რესურსი 4 ვატით მცირდება. აქედან გამომდინარე, უფრო მეტი და მეტი ინსტრუმენტის გამორთვა ხდება საჭირო.
სანამ Voyager 1 და Voyager 2 სრულად გაითიშება, რამდენიმე წელი კიდევ წინაა. ამის შემდეგ კი თითოეული მათგანი კოსმოსში დედამიწასთან კავშირის გარეშე იმოძრავებს და, ვინ იცის, იქნებ, ერთ დღესაც, შორეულ მომავალში, ჩვენი ხმა (პირდაპირი მნიშვნელობით) არამიწიერ ცივილიზაციას მიაწვდინოს.
კომენტარები