დროში მოგზაური ადამიანები? — ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ არსებული უჩვეულო ჰიპოთეზა
ევროპის კოსმოსურ სააგენტოში მომუშავე ასტრონავტმა, ბრიტანელმა ტიმ პიკმა, ახლახან ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ არსებული უჩვეულო ჰიპოთეზა გააჟღერა, რომელიც ასეთ შემთხვევებს, არც მეტი, არც ნაკლები, დროში მოგზაურ ადამიანებთან აკავშირებს.
ამოუცნობი საჰაერო ფენომენი, როგორც მას მეორენაირად უწოდებენ, დღემდე საზოგადოებისა თუ სპეციალისტების განსჯის საგნად რჩება. აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) მის შესასწავლად მეცნიერთა გუნდიც კი შეკრიბა. ასეთი მოვლენების მრავალი ახსნა არსებობს, რომელთაგანაც ყველაზე პოპულარული უცხოპლანეტელთა ხომალდებია. ამის მიუხედავად, ეს ყველაზე გიჟური მოსაზრება სულაც არ გახლავთ.
სატელევიზიო გადაცემაში Good Morning Britain სტუმრობისას, წამყვანმა ტიპ პიკს ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ ჰკითხა, არის ეს არამიწიერი ცივილიზაციის აპარატები თუ საიდუმლო იარაღი. ასტრონავტმა აღნიშნა, რომ მრავალი ასეთი ვიდეო აქვს ნანახი, რომელიც საჯაროდაა ხელმისაწვდომი. ასევე, ამბობს, რომ უამრავი ჰიპოთეზა მოუსმენია. მაგალითად ასახელებს ერთ-ერთს, რომელიც პილოტისგან მოისმინა.
"პილოტი ჰყვებოდა, რომ პოტენციურად, მომავალში ადამიანებს შესაძლოა, დროში მოგზაურობის გზებისთვის მიეგნოთ, ანუ არაა გამორიცხული, რომ ეს რაღაც მომავლიდან იყოს", — აცხადებს ის.
შეიძლება ეს ყველაზე გიჟური მოსაზრება იყოს, თუმცა ის ადრეც გაჟღერებულა, კერძოდ, 2020 წელს, როცა მონტანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორმა სწორედ ამ შინაარსის წიგნი გამოუშვა.
"სავარაუდოდ, საქმე გვაქვს მომავლიდან მოსულ ანთროპოლოგებთან, ისტორიკოსებთან და ლინგვისტებთან, რომლებიც ინფორმაციის მისაღებად წარსულში ისეთი ტექნოლოგიის მეშვეობით ბრუნდებიან, რომელიც ჩვენ ჯერჯერობით არ მოგვეპოვება. ყველაზე მარტივი ახსნა ისაა, რომ ეს თავად ჩვენ (ადამიანები) ვართ", — ამბობს ავტორი.
რა თქმა უნდა, მსგავსი მოსაზრების მართებულობა ძნელად დასაჯერებელია, ისევე, როგორც ამგვარ მოვლენებთან დაკავშირებული ჰიპოთეზების უმრავლესობის. სწორედ ამის გამო გადაწყვიტა NASA-მ მათი წმინდა მეცნიერულად გამოკვლევა, რათა სცადოს და ყველაფერს ნათელი მოჰფინოს.
კომენტარები